"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრს ოთარ სირაძესა და რაჭაში, ამბროლაურში ერთ-ერთ აქტივისტს ნიკოლოზ ღლონტს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
ფიზიკურ დაპირისპირებას წინ კამათი უძღოდა.
ნიკოლოზ ღლონტი ამბროლაურში, პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება.
წინასწარი ინფორმაციით, მომხდარი უკავშირდება ონში ჰესების კასკადის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე მომხდარ ფაქტს.
კიდევ ერთი აქტივისტის, მარიამ ვაწაძის ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრის გაღიზიანება აქტივისტების პოზიციამ გამოიწვია, რომ ონში გამართულ აქციაზე პოლიტიკოსები არ დაეშვათ. მისი თქმით, აქტივისტის რეაქცია მხოლოდ თავდაცვა იყო ოთარ სირაძის აგრესიისგან.
თავად ოთარ სირაძე კი აცხადებს, რომ ეს იყო "ქართული ოცნების" მორიგი ხრიკი და წინასაარჩევნო პროვოკაცია.
"როგორც ჩანს "ქართული ოცნება" ჩამოყალიბდა წინასაარჩევნოდ, როგორი პროვოკაცია სურს. მეც ვნახე ის ვიდეო და ყველამ ნახა, არანაირ ანგარიშსწორება არ ყოფილა. ჩვენ ვცდილობდით,რომ ეს ინციდენტი ამოწურულიყო,"- განაცხადა ოთარ სირაძემ.
შსს-მ გამოძიება სსკ-ის 239-ე მუხლით დაიწყო, რაც ხულიგნობას გულისხმობს.