გიორგი შაქარაშვილის საქმის კიდევ ერთი მოწმე ტაქსისტია, რომელმაც 18 ივნისის ღამეს, გურამ ამირხანაშვილი დიდუბიდან წაიყვანა და სახლში დატოვა.
ჩვენება "კურიერმა" მოიპოვა. ჩვენებით ირკვევა, რომ ამირხანაშვილი ტაქსის მძღოლის ტელეფონიდან რეკავდა, ვისთან რეკავდა ამირხანაშვილი უცნობია, თუმცა მძღოლი ჩვენებაში აღწერს, რომ ამირხანაშვილი ტელეფონზე ვიღაცას დაპირისპირების შესახებ უყვებოდა.
როგორც ტაქსის მძღოლი ჩვენებაში ყვება, ამირხანაშვილი ვაზისუბანში ახალ აშენებულ კორპუსში დატოვა, თუმცა გურამ ამირხანაშვილი ამ სახლში არ ცხოვრობს.
"შევნიშნე 2 პიროვნება, რომელთაგან ერთ-ერთმა ახალგაზრდამ, 20 წლამდე ბიჭმა დამიქნია ხელი. მან ჩემი მობილური ტელეფონით განახორციელა ზარი, ჩემი ვარაუდით დაურეკა მისივე ტოლ ახალგაზრდა ბიჭს. როგორც მისი საუბრიდან გამოვიტანე აზრი, იგი უნდა ყოფილიყო რაიმე წვეულებაზე ან დაბადების დღეზე, საიდან გამოსვლისასაც მას და მასთან ერთად მყოფ პირებს მოუხდათ ჩხუბი სხვა პიროვნებებთან, რა დროსაც ჩემმა მგზავრმა გაქცევით უშველა თავს და დაიმალა.
იგი საუბრისას ასევე ახსენებდა, რომ მასთან ერთად მყოფი თეთრმაისურიანი ბიჭი უნდა ყოფილიყო ძლიერ ნაცემი და ესაჭიროებოდა დახმარება, ხოლო მას მხოლოდ ერთხელ დაარტყეს ხელი. მან მგზავრობისას სავარაუდოდ დარეკა ორ ან სამ ნომერზე. მან მითხრა, რომ მას გააჩნდა მხოლოდ მცირედი ნაკაწრები ბუჩქნარში დამალვიდან გამომდინარე.
დავტოვე ვაზისუბნის დასახლებაში, მანქანა გავაჩერე ერთ-ერთ ახალ აშენებულ კორპუსთან, გადამიხადა მგზავრობის საფასური და წავიდა პირდაპირ სადარბაზოსკენ. საუბრისას მან, როგორც მახსოვს ახსენა "შაქარა", თუმცა რატომ და რა კონტექსტში ამას ვერ ვიხსენებ,"- ნათქვამია ტაქსის მძღოლის ჩვენებაში.
შეგახსენებთ, 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს. დაკავებულია 17 პირი.