05 ოქტომბერი 2026,   01:16
ვრცლად
ქართველმა სამართალდამცველებმა ამერიკელ კოლეგებს მსოფლიოს ერთ-ერთი საშიში დამნაშავე, FBI-ის​ მიერ წლების განმავლობაში ძებნილი დავუდ ანსარი გადასცეს - მისი ექსტრადირება თბილისის აეროპორტიდან სპეცრეისით შესრულდა

2026 წლის 23 სექტემბერი - თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სრულიად საიდუმლოდ და უსაფრთხოების პროტოკოლის დაცვით FBI-ის სპეცრეისი დაეშვა. Gulfstream G550-ის ბორტზე ფედერალური ბიუროს ათობით აგენტი იმყოფებოდა.

ქართველმა სამართალდამცველებმა ამერიკელ კოლეგებს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საშიში დამნაშავე, 41 წლის დავუდ ანსარი გადასცეს. იმავე დღეს, FBI-ის თვითმფრინავი ნიუ-იორკში, კენედის აეროპორტში ჩაფრინდა და ბრალდებული განსაკუთრებული დაცვის თანხლებით, სასჯელაღსრულების სპეციალიზებულ დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ვინ არის დავუდ ანსარი, რომელსაც შეერთებული შტატები 10 წლის განმავლობაში მთელს მსოფლიოში ეძებდა? ამ კითხვაზე პასუხს FBI-ის დირექტორის, კეშ პატელის განცხადება სცემს, რომელმაც ქართველ პარტნიორებს მადლობა პირადად გადაუხადა.

"კურიერი P.S."-მა მოიპოვა განსაკუთრებით საშიში დამნაშავის წინააღმდეგ ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ მომზადებული საბრალდებო დასკვნა. დოკუმენტში წერია, რომ ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" გავლენიანი ფიგურა, წლების განმავლობაში მართლმსაჯულებას სხვადასხვა ქვეყანაში ემალებოდა და მისი დაპატიმრება მხოლოდ საქართველოში გახდა შესაძლებელი. მასობრივად სიკვდილით დასჯა, თავის მოკვეთის სცენები, გატაცებები, წამება და ტერორისტული აქტები - ეს ის დანაშაულებია, რომლებსაც საქართველოში დაკავებული და შეერთებულ შტატებში ექსტრადირებული დავუდ ანსარი პირადად აფინანსებდა.

საქმის მასალებში დევს მტკიცებულებებიც და ბრალდებულის დოსიეც. დგინდება, რომ წარმოშობით უზბეკი და ამერიკის ნატურალიზებული მოქალაქე დავუდ ანსარი ნიუ-იორკში ფლობდა ე.წ. ჩაიხანას, რომლის საფარქვეშ თანამზრახველებთან ერთად აქტიურად ეწეოდა ტერორიზმის დაფინანსებისთვის საჭირო თანხების მობილიზებას. გამოძიების მასალებით ირკვევა ისიც, რომ ახალგაზრდების რეკრუტირება და მათთვის თანხების გადაცემა სწორედ ე.წ. ჩაის წვეულებებზე ხდებოდა. "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში საბრძოლველად მხოლოდ 2013 წელს მან სამი ადამიანის გამგზავრება დააფინანსა, სამივე მათგანი სირიაში დაიღუპა.

დავუდ ანსარი შეერთებული შტატებიდან 10 წლის წინ, მას შემდეგ გაიქცა, რაც გამოძიების ფედერალურმა ბიურომ მისი სამი თანამზრახველი საერთაშორისო ტერორიზმის ბრალდებით დააკავა. მან თურქეთის მიმართულებით ცალმხრივი ბილეთი აიღო და მას შემდეგ აღარავის უნახავს. 10 წლის შემდეგ ძებნილის კვალი საქართველოში გამოჩნდა. ის თბილისში ტაშკენტის რეისით ჩამოვიდა და მალევე ქართველი სამართალდამცველების ხელში აღმოჩნდა. საექსტრადიციო პროცედურების დასრულების შემდეგ ნიუ-იორკის რადიკალიზებული ჯგუფის ლიდერი, შეერთებულ შტატებს გადასცეს.

შეერთებულ შტატებში უკვე გაასამართლეს და მრავალწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს დავუდ ანსარის სამ თანამზრახველს. მათ შორის არის უზბეკეთის მოქალაქე ახრორ საიდახმეტოვიც, რომელიც ბრუკლინში მაშინ დააკავეს, როცა ის დავუდ ანსარის დაფინანსებით სირიაში გამგზავრებას და ჯიჰადში მონაწილეობას გეგმავდა. საიდახმეტოვი სოციალური ქსელის დახურულ ჯგუფებში აღფრთოვანებას გამოხატავდა "ისლამური სახელმწიფოსთვის" ფიცის დადებისა და უდანაშაულო ადამიანებისთვის თავის მოკვეთის ვიდეოებზე.

დავუდ ანსარის კიდევ ერთმა თანამზრახველმა აბდურასულ ჯურაბოევმა კი დაკითხვის დროს აღიარა, რომ მზად იყო, ISIS-ის სახელით ამერიკის ტერიტორიაზე განეხორციელებინა ე.წ. მოწამეობრივი აქტი და ბრძანების მიღების შემთხვევაში მოეკლა შეერთებული შტატების იმჟამინდელი პრეზიდენტი ბარაკ ობამა.

ამ ძალადობრივი ქსელის ლიდერი მალე ამერიკის მართლმსაჯულების წინაშე წარდგება. ის უკვე მეშვიდეა იმ განსაკუთრებით საშიშ დამნაშავეებს შორის, რომლებიც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ფარგლებში საქართველომ ამერიკის შეერთებულ შტატებს გადასცა.

დღის ამბები