დიდი ამბიციებით, პატარა რეიტინგებით და მასშტაბური ურთიერთშეურაცხყოფით - IRI-ის კვლევამ ოპოზიციურ ფლანგზე პროცენტები ვერა, თუმცა პოლიტიკური ტემპერატურა მნიშვნელოვნად გაზარდა. გამოკითხვამ, რომელიც წესით ოპოზიციის მობილიზაციის საფუძველი უნდა გამხდარიყო, სრული პოლიტიკური ფიასკო გააფორმა. ასე დაიწყო ახალი ომი ოპოზიციაში.
სიტუაციის განმუხტვა პარტია "ლელოს" გენერალურმა მდივანმა სცადა, თუმცა უშედეგოდ. ირაკლი კუპრაძის გალაშქრებას ადრესატმა შეურაცხყოფითვე უპასუხა - პოლიტიკური დებატების ნაცვლად, თამარ ჩერგოლეიშვილმა საბრძოლო არენად ისევ სოციალური ქსელი აქცია და კუპრაძეს უნიჭო რეგვენი უწოდა, რომელიც საკუთარი პარტიის პოლიტიკურ წარუმატებლობას მუდმივად სხვებს აბრალებს.
"ფედერალისტების" ლიდერმა მამუკა ხაზარაძის პარტიას პოლიტიკური ვაჭრობის ძველი ისტორიებიც გაუხსენა - სცენის ფულიდან დაწყებული, ეთერის სანაცვლოდ შეთავაზებული პოლიტიკური ლოიალობით დამთავრებული.
დაპირისპირებაში ტრადიციულად ჩაერთო "ნაციონალური მოძრაობა", რომელმაც წარსული წყენების არქივი გახსნა. სააკაშვილის პარტიამ ყველა ისევ ოპოზიციური ერთობის დაშლაში დაადანაშაულა.
მილიონების ხარჯვის მიუხედავად, ოპოზიციის რეიტინგის ვარდნა მოსალოდნელი შედეგი იყო "თავისუფალი ხალხის" პარტიისთვის. სანდრო რაქვიაშვილისთვის ამის მიზეზი თვალსაჩინოა - მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ გაერთიანებული პარტიები წარსულ შეცდომებზე ვერ სწავლობენ და გადარჩენის რეცეპტის ძიების ნაცვლად, ერთმანეთს ადანაშაულებენ, საჯარო გარჩევებს აწყობენ, პასუხისმგებლობას არ იღებენ და ცდილობენ, ერთმანეთს გადააბრალონ ამომრჩევლის ნდობის დაკარგვა.
ოპოზიციაში არსებული დაპირისპირება მმართველი გუნდისთვის ოპონენტების მძიმე მდგომარეობაზე მიანიშნებს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ოპოზიციონერების მიერ ერთმანეთის ლანძღვის სცენარი ახალი სულაც არ არის - ისინი წარსულშიც და დღესაც საკუთარ პოლიტიკურ ენერგიას ერთმანეთთან ბრძოლაში ხარჯავენ, მაშინ, როცა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი პრობლემები მათთვის მეორეხარისხოვანი ხდება.
ვინ არის "ლუზერი"? ვინ არის ჯიბის ძაღლი? ვინ ვისთვის აპირებდა სცენის მიყიდვას, ვინ ვის ჰპირდებოდა ეთერს? და რაც მთავარია - ვინ არის დამნაშავე იმაში, რომ ხალხი მათ აღარ ენდობა? ამ კითხვებზე ყველა ოპოზიციურ პარტიას ერთი პასუხი აქვს - ყველა, საკუთარი პარტიის გარდა.
ასე გრძელდება ოპოზიციურ ფლანგზე ბრძოლა. მიზანი კი ჯერ ისევ გაურკვეველია - არჩევნებში გამარჯვება თუ უბრალოდ ერთმანეთის დამარცხება.