სახალხო დამცველმა პროკურატურას მიმართა, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმის მასალებზე წვდომა ჰქონოდა, რაზეც პროკურატურამ თანხმობა განაცხადა.
გიორგი შაქარაშვილის ოჯახსა და უწყებას შორის ნინო ლომჯარია ითანამშრომლებს.
"ჩვენ საქმის ყველა დეტალს და ყველა გარემოებას შევისწავლით. ოჯახს რაიმე პრეტენზია გამოძიების მისამართით არ დაუფიქსირებია, თუმცა სამომავლოდ, თუ მათ ექნებათ კითხვები და პრეტენზიები, ისინი, სახალხო დამცველთან ითანამშრომლებენ,"- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, ის დაკავებულ პირებსაც შეხვდა და მათი პოზიციაც მოისმინა. როგორც სახალხო დამცველი აღნიშნავს, მათი თქმით, მათზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა ხორციელდებოდა.
"იყო ცალკეული შემთხვევები, რაც ჩვენთვის იყო საინტერესო. მე ვერ შევაფასებ ჯერ რამდენად დასაბუთებული და სერიოზული იყო ეს ყველაფერი ახლა დავიწყეთ შესწავლა. ერთ-ერთი იყო ფიზიკური ზეწოლა,"- აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.
ერთ-ერთი მოწმის ადვოკატმა მუხრან ღურწკაიამ სპეციალური ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფები კონფლიქტში მონაწილეობას არ იღებდნენ.
"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები ორი მანქანით წავიდნენ და მათთან თანმხლები პირები სულ ხუთნი იყვნენ, ისინი არ ყოფილან შემთხვევის ადგილზე. გავიგეთ, რომ ეს ადამიანები წამოვიდნენ თბილისის მიმართულებით. არავის დავალებით ისინი არ წასულან. რამდენიმე ადამიანი რომ იყო, ვერ თავსდებოდნენ მანქანაში. იყვნენ მეგობრები, ჩვენც წამოვალთო, თურმე ისინიც საცემად მიდიოდნენ და ვინ შეუშლიდათ ხელს? კონფლიქტში მონაწილეობას ისინი არ იღებდნენ,"- განაცხადა მუხრან ღურწკაიამ.
შეგახსენებთ, 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი 23 ივნისს მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვნეს. უცნობია გარდაცვალების დეტალები.
საქმეზე დაკავებულია 17 პირი, ბრალი გადაკვალიფიცირებულია და გამოძიება ჯგუფური განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
ასევე, დღეს დამატებითი ექსპერტიზის ჩატარების აუცილებლობა დღის წესრიგში დადგა.