18 ნოემბერი 2024,   23:27
ვრცლად
გიორგი შაქარაშვილის საქმის ფიგურანტის ვახო ახვლედიანის ოჯახი უარყოფს ინფორმაციას, რომ ახვლედიანი გამოძიებასთან არ თანამშრომლობს

გიორგი შაქარაშვილის საქმის ფიგურანტის ვახო ახვლედიანის ოჯახი  კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ აზრს იმის შესახებ, თითქოს ვახო ახვლედიანი გამოძიებასთან არ თანამშრომლობს:

"ვახო ახვლედიანი და მისი ოჯახი, პირველ რიგში, სამძიმარს უცხადებს შაქარაშვილების ოჯახს წარმოუდგენელი ტრაგედიის გამო.

თავად ვახო და მისი ოჯახი კატეგორიულად ემიჯნება გაჟღერებულ აზრს, თითქოს ის არ თანამშრომლობს გამოძიებასთან. პირიქით, მის ყველა ჩვენებაში დასტურდება, რომ მათ მოძალადეები საცემად მისდევდნენ. ამ საქმეზე სამართლის აღსრულება, შაქარაშვილების ოჯახთან ერთად, სწორედ  ვახო ახვლედიანის და მისი ოჯახის ინტერესში შედის.

წარმოუდგენელი ზეწოლაა მასზე, როგორც მოწმეზე, თითქოს ის სიმართლეს მალავს. ხშირ შემთხვევაში ბრალდებულების ადვოკატების ინტერპრეტაციებით შუქდება ახალი დეტალები, რის გამოც საზოგადოების ნაწილი შეცდომაში შედის.

ვახო ახვლედიანიც ისეთივე მსხვერპლია ამ სიტუაციაში, როგორც დანარჩენი ბიჭები, რომლებსაც მოძალადეები ტრაგედიის ღამეს დევნიდნენ. ექსპერტის შეფასებით, ისიც ბეწვზეა გადარჩენილი არაგვის ხევში გადაჩეხვას. ასევე, სიკვდილს გადაურჩა სახის არეში სასტიკად ნაცემი მისი მეგობარი - გიორგი ქათამაძე.

ინციდენტის შემდეგ, შუბლგატეხილმა, სისხლიანმა, შოკურ მდგომარეობაში მყოფმა ვახომ მოახერხა თბილისში მეგობრებთან დარეკვა და მისი და მისი ახლო მეგობრის - სასტიკად ნაცემი გიორგი ქათამაძის თბილისამდე ჩამოყვანის ორგანიზება.

ხიდზე მომხდარი მეორე თავდასხმის დროს ყველა თავის გადასარჩენად  მირბოდა. ოთხივე ბიჭი. ვახო ერთ-ერთია, ვინც შემთხვევით გადაურჩა სიკვდილს.

გაუგებარია, რატომ არ არის აქცენტი ბიჭების დასასჯელად ჩასულ რკინის ხელკეტებით შეიარაღებულ მოძალადეებზე და რატომ არის ასეთი ზეწოლა მსხვერპლზე.

ვთხოვთ და მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ფაქტების გავრცელებისგან, რაც ნაადრევი და არაობიექტური დასკვნების გამოტანის საშუალებას იძლევა ამ მნიშვნელოვან საქმეზე," - ნათქვამია კომენტარში, რომელსაც ახვლედიანის ოჯახი ავრცელებს.

დღის ამბები