რუსეთის საგარეო უწყების განცხადება თბილისში პოლიტიკური განხილვის თემაა. საოკუპაციო რეჟიმი ბრალდებებს აგრძელებს და საქართველოს პროვოკაციაში ადანაშაულებს. ოფიციალური მოსკოვი საქართველოს მოქალაქეების მიერ ეგრეთ წოდებული გამყოფი ხაზის გადაკვეთის ფაქტებზე წერს და თბილისს პოლიტიკური სპექტაკლის მოწყობაში ადანაშაულებს. რუსული მხარე საქართველოსადამი მხარდამჭერი განცხადებების გამო აკრიტიკებს შეერთებულ შტატებსაც. ბრალდებებს უკვე უპასუხა ქვეყნის პირველმა დიპლომატმა.
დავით ზალკალიანის აცხადებს, რომ რუსეთის საგარეო უწყების ეს განცხადება არის გამოხმაურება იმ რეაგირებაზე, რაც ზაზა გახელაძის დაკავებაზე ჰქონდა ქართულ მხარეს და საერთაშორისო საზოგადოებას. ზალკალიანის თქმით, რუსეთს დისკომფორტი შეექმნა და ის საკითხისგან და საკუთარი ვალდებულებებისგან დისტანცირებას ცდილობს.
"რუსეთი ცინიკურად ცდილობს ამ განცხადებაში საკუთარი თავის დისტანცირებას ნაკისრი ვალდებულებებისგან. ჟენევის დისკუსიების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. ის ცდილობს, რომ ფოკუსი გადაიტანოს საქართველოს, აფხაზეთისა და ცხინვალის წარმომადგენლებს შორის სავარაუდო მოლაპარაკებებზე და საკუთარი თავი წარმოადგინოს, როგორც ნეიტრალური აქტორი და ფასილიტატორი. ჩვენთვის ახალი არ არის, ჩვენ თანმიმდევრულად გავაგრძელებთ ჩვენს პოლიტიკას, რაც მიმართულია სიტუაციის დეესკალაციაზე, მშვიდობიან მოგვარებაზე," - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.