გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოკითხვების სერია გრძელდება. გავრცელებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს კიდევ ერთხელ დაიბარეს ოქროს მოწმე, გურამ ამირხანაშვილი, რომელმაც ჩვენება არაერთხელ შეცვალა.
საგამოძიებო უწყებაში 18 ივნისის საბედისწერო ღამის მთავარი ფიგურანტის, იუბილარ ანა გაბეჩავას გამოკითხვა კი ამ წუთებშიც გრძელდება. სავარაუდოდ, გამომძიებლები მის სოციალურ ქსელებს ათვალიერებენ. ეს პროცედურა გუშინ უკვე გაიარა წვეულებაზე მყოფმა კიდევ რამდენიმე პირმა.
საქმის მასალებში არსებული მათი პირადი მიმოწერებით ირკვევა, რომ ახალგაზრდებს ჰქონდათ ინფორმაცია გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, მაგრამ 112-ს არ შეატყობინეს. ერთადერთი პირი, ვინც პოლიციას მომხდარი ჩხუბის გამო დაუკავშირდა, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძეა, მისი ადვოკატის თქმით, უახლოეს მომავალში იგეგმება საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება, რომელსაც მედიაც დაესწრება.
ექსპერიმენტით ცნობილი უნდა გახდეს, სად იმალებოდა მისი დაცვის ქვეშ მყოფი და რა ჩანდა ამ ადგილიდან.
"მზად არის მიიღოს მონაწილეობა იმ საგამოძიებო ექსპერიმენტში, რომლის შემოთავაზებას საგამოძიებო უწყებისგან მივიღეთ. თუმცა ჩვენი მოთხოვნა იყო ცალსახა, თუ ჩვენ გვინდა დავადგინოთ ჭეშმარიტება, მაქსიმალურად მიახლოებული უნდა იყოს ყველა ფაქტი იმისათვის, რომ აღდგენილი იყოს იმღამინდელი მოვლენები. შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ იაკობი რაღაცას მალავს, ეს ასე არ არის, იაკობისთვის ძალიან მძიმეა მოცემულობა, როდესაც მისი ტოლი, ძალიან პოზიტიური ადამიანი, რომელიც იმ საღამოს გაიცნო - ასე ტრაგიკულად გარდაიცვალა. მას ერიდება კიდეც იმ მესიჯების გასაჯაროება, რომელსაც მას წერენ და სადაც ყელის გამოჭრით ემუქრებიან," - აცხადებს იაკობ ბრეგვაძის ადვოკატი ირმა ჭკადუა.