გიორგი შაქარაშვილის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. ანა გაბეჩავა, საბედისწერო წვეულების მთავარი ფიგურანტი და 19 ივნისის იუბილარი - დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამომძიებელს 7 საათის განმავლობაში ხვდებოდა. მას, ისევე როგორც წვეულებაზე მყოფ რამდენიმე პირს - კუთვნილი სოციალური ქსელი და საბედისწერო ღამის მიმოწერები შეუმოწმეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ მოწმემ განაცხადა მხოლოდ ის, რომ გამომძიებელს შაქარაშვილის გაუჩინარების ღამის პირადი მიმოწერები დაათვალიერებინა.
გამოიკვეთა, თუ არა, რაიმე ახალი დეტალი ფეხბურთელის დაკარგვის შესახებ გაბეჩავას მიმოწერების დათვალიერების დროს, უცნობია. ადვოკატი გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მიმოწერის დეტალებზე არ საუბრობს. ამბობს მხოლოდ იმას, რომ საქმის გამომძიებელს საბედისწერო ღამის ფაქტებზე დღეს გაბეჩავასთვის დამატებითი კითხვები არ დაუსვამს.
დღესვე უწყებაში იმყოფებოდა ამავე საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი, არასრულწლოვანი ნ.ხ რომელიც ნარეკვავის აგარაკის დაპირისპირების ეპიზოდში ფიგურირებს. მის მიმართ დასმულ კითხვებს დღეს მისმა უფლებადამცველმა უპასუხა.
გარდა გამოძიებისა, საქმის მოწმეებთან კითხვები დაკავებული არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის უფლებადამცველებსაც აქვთ. ადვოკატებმა კონსტანტინე ღიბრაძეს და იაკობ ბრეგვაძეს საადვოკატო ბიუროში დაბარების უწყება უკვე ჩააბარეს. საქმის მასალებში დამატებული ახალი მე-19 ტომი უფლებადამცველებისთვის დამატებითი კითხვების გაჩენის საფუძველი გახდა.
შაქარაშვილის საქმის კიდევ ერთი ფიგურანტი, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე, რომლის ირგვლივაც ასევე არაერთი კითხვა გაჩნდა საგამოძიებო უწყებისა და საზოგადოების მხრიდან და რომელიც საბედისწერო ღამეს შაქარაშვილთან ერთად იმყოფებოდა და შენობაში იმალებოდა - ახლა საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებას აპირებს. ის შემთხვევის ადგილზე ღამის საათებში მედიის წარმომადგენლებთან ერთად ჩავა და შეეცდება დაამტკიცოს, რომ შენობიდან სადაც ის იმალებოდა, არის თუ არა შესაძლებელი რამის დანახვა.
სავარაუდოდ, გამოკითხვებისა და აქტიური საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ გამოძიება ახალ გარემოებებს გამოკვეთს. მანამდე კი უკვე ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ რაც პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის მუხლი დააზუსტა და გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით გრძელდება, თუმცა არცერთი დაკავებულის ბრალში ჯერჯერობით ეს ასახული არაა.