ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში დღეს გამოვლენილი COVID-19-ის 10 ახალი შემთხვევიდან 5 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, 3 იმპორტირებული, 2 კი საკარანტინო სივრციდანაა.
"საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1,049-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 903-ს შეადგენს. ახალი შემთხვევებიდან 5 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი გახლავთ, 3 იმპორტირებულია, აქედან ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ხოლო დანარჩენი 2 კი, არის საკარანტინო სივრცეში დადასტურებული შემთხვევა. 2 პაციენტზე ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს პირველწყაროს დასადგენად," - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
მან ინფექციური საავადმყოფოში არსებული პაციენტების მდგომარეობის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე, 26 კოვიდპაციენტი მათთან არის მოთავსებული. კლინიკას 3 ახალი პაციენტი დაემატა, რომელთაგან ერთის წყაროს დადგენა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
მარინა ეზუგბაიამ ბოლო დროს ქვეყანაში COVID-19-ის გახშირებულ შემთხვევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არსებული მონაცემები კატასტროფული არ არის.
"ვირუსის დადასტურებული შემთხვევების ასეთი მატება არ მოახდენს გავლენას ქვეყნის მიღწევებზე კორონავირუსთან მიმართებაში, ეს არ არის კატასტროფული რიცხვები,"- აღნიშნავს მარინა ეზუგბაია.