18 ნოემბერი 2024,   23:26
ვრცლად
ექსპერტიზის დასკვნით მსხვერპლის სხეულზე ძალადობრივი ფიზიკური დაზიანებები დასტურდება - გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული პოლიციელის საქმის პროკურორი

გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული პოლიციელი ზაზა ალავერდაშვილი პატიმრობაში რჩება. აღკვეთის ღონისძიებაზე დღეს საქალაქო სასამართლომ იმსჯელა. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, რამდენიმე გარემოების შესახებ დამატებითი განცხადებები გაკეთდა.

დაკავებულიც და მოსარჩელეც, ორივე მხარე ამბობს, რომ მათ წარსულშიც ჰქონდათ ნაცნობობა და გარკვეული ურთიერთობა, თუმცა არ კონკრეტდება, თუ რა ტიპის ურთიერთობას ჰქონდა ადგილი.

პროკურორის განცხადებით, ამოღებულია კონკრეტული ნივთმტკიცებები და მათ შორის არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ადასტურებს, რომ ძალადობრივი ფაქტის შედეგად დაზარალებულს მიღებული აქვს ფიზიკური დაზიანებებიც.

"გრძელდება მტკიცებულებების მოპოვება რა თქმა უნდა, ექსპერტიზები არის დანიშნული, შემთხვევის ადგილიდან არის ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები, ავტომანქანიდან არის ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები და ახლა უკვე შემდგომში ექსპერტიზაზე იქნება დამოკიდებული ეს რამდენად იქნება გამოძიებისთვის მისაღები. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა მსხვერპლის სხეულზე არის ჩატარებული და დაზიანებები აღენიშნება.

სამსახურეობრივი მანქანა იყო, მის სარგებლობაში მყოფი, ოღონდ სამსახურეობრივი ავტომანქანა," - განაცხადა პროკურორმა კონსტანტინე ცაცუამ.

სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული ზაზა ალავერდაშვილი გორის საპატრულო პოლიციის ყოფილი თანამშრომელია. გამოძიებას გენერალური ინსპექცია და პროკურატურა აწარმოებს. დანაშაული 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები