02 მაისი 2024,   10:04
ვრცლად
COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი უკვე 16 მილიონს აჭარბებს - მსოფლიო სტატისტიკა

მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი უკვე 16 მილიონს აჭარბებს და თითქმის 650 ათასი ადამიანია დაღუპული. ეპიდვითარების კუთხით, ყველაზე რთული ვითარება კვლავ ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაშია. შტატებში ბოლო 24 საათში ვირუსი თითქმის 70 ათასს ადამიანს დაუდგინდა, ბრაზილიაში კი ლეტალურ შემთხვევათა რიცხვი 87 ათასამდე გაიზარდა.

პანდემიის მეორე ტალღისთვის ემზადება ევროპა. გერმანიაში სადაც ბოლო 24 საათში კორონავირუსის 305 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამსვლელი მოქალაქეების COVID-19-ზე ტესტირება შესაძლოა, სავალდებულო გახდეს. ტესტირება ჩაუტარდებათ საფრანგეთში ჩასულ მგზავრებსაც. კვლავ რთული ეპიდმდგომარეობაა ესპანეთში. კატალონიის რეგიონში სადაც კარანტინი მოქმედებს, აიკრძალა 10 კაცის შეკრება, დაიხურა რესტორნები და სპორტ-დარბაზები. გაერთიანებული სამეფოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ესპანეთიდან დიდ ბრიტანეთში ჩასული მგზავრები კარანტინს გაივლიან. COVID-19-ზე ტესტს ჩაიტარებენ საბერძნეთში ბულგარეთიდან და რუმინეთიდან ჩასული ტურისტებიც.

COVID-19-ის პირველი შემთხვევა გამოვლინდა ჩრდილოეთ კორეაშიც. ირანის პრეზიდენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, რელიგიური ცერემონიების დროს რეკომენდაციები მკაცრად დაიცვან. სტატისტიკა მზარდია ისრაელში, სადაც COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 60 ათასს გადააჭარბა.

ვირუსის გავრცელების დინამიკა კვლავ მაღალია საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებშიც. თურქეთში ვირუსი თითქმის ათასამდე ადამიანს, აზერბაიჯანში კი 321-ს დაუდასტურდა. ეს მონაცემი უკრაინაში ათასს, სომხეთში კი 383-ს შეადგენს. რაც შეეხება რუსეთს, ქვეყანაში კორონავირუსის თითქმის 6 ათასი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

დღის ამბები