18 ნოემბერი 2024,   01:55
ვრცლად
2020-ის არჩევნებზე ეგზიტპოლებს სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-ის" დაკვეთით ბრიტანული კომპანია Survation ჩაატარებს

BBC, The Guardian, Sky News, Daily Telegraph - ეს მხოლოდ იმ მედიაორგანიზაციების ნაწილია, ვინც საარჩევნოდ საზოგადოებრივი აზრის კვლევა Survation-ს ანდო. დღეიდან კომპანიის პარტნიორების გრძელ ჩამონათვალს "რუსთავი 2-იც" უერთდება. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლებს, მანამდე კი პოლიტიკური პარტიების რეიტინგებსა და საზოგადოებრივ განწყობებს "რუსთავი 2-ის" მაყურებელისთვის სწორედ ბრიტანული კომპანია გაზომავს. მუშაობა უკვე დაწყებულია, რამდენიმე დღეში პირველი შედეგებიც გახდება ცნობილი და საჯარო.

ბრიტანული კომპანია Survation 2010 წელს დაფუძნდა და 20 წლიანი გამოცდილების ექსპერტებსა და მკვლევარებს მოუყარა თავი. მედიის გარდა,ისინი მუშაობენ არასამთავრობო ორგანიზაციების, ბრიტანული პოლიტიკური პარტიებისა თუ კერძო კომპანიების დაკვეთით, არჩევნები და რეფერენდუმები კი მათთვის უცხო არა მხოლოდ ბრიტანეთში, არამედ არც მსოფლიოს სხვა სახელმწიფოებშია.

კომპანიის სამუშაო პორტფოლიოშია შოტლანდიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი 2014 წელს, 2016-ში იტალიის საკონსტიტუციო რეფერენდუმი, ამავე წელს იკვლიეს საზოგადოებრივი აზრი ბრექსიტის ისტორიულ რეფერენდუმზე, სადაც ბრიტანელების უმრავლესობამ ევროკავშირის დატოვება არჩია. Survation-ის ჩატარებულია 2017 წელს დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნების ანალიზი, მომდევნო წელს მაღალი სიზუსტით იკვლია იტალიის საპარლამენტო არჩევნები და შუალედური არჩევნები აშშ-ში. Survation-მა სულ ბოლოს გასულ წელს საზოგადოებრივი აზრი დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნებზე შეაჯამა.

დაიმენ ლაიონს ლოუი კომპანიის დამფუძნებელია, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა თემაზე სწორედ ის წარადგენდა საზოგადოებრივი აზრისა თუ ეგზიტპოლების შედეგებს ტელეკომპანიებთან Bloomberg, CNBC, BBC and Sky News. უმუშავია ბრიტანული პოლიტიკური პარტიების მრჩევლადაც, პირადად მას ეკუთვნის კვლევის დიზაინი და აწყობა 2 ეგზიტპოლში, ნაკვლევი აქვს ბრიტანელების საზოგადოებრივი აზრი რამდენიმე არჩევნებზე და 2 არჩევნები იტალიაში.

"კურიერთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ სხვა არჩევნებისგან განსხვავებითმ საქართველოში არსებობს სპეციფიკა, რომელიც ბოლო საკონსტიტუციო ცვლილებებმა გააჩინა.

Survation-ში აზუსტებენ, რომ "რუსთავი 2-ის" დაკვეთას პირისპირი გამოკითხვის მეთოდით შეასრულებენ. უშუალოდ ეგზიტპოლების დღეს კი 10 000-მდე ამომრჩევლის აზრს 150-მდე საარჩევნო უბანზე მოუყრიან თავს.

მანამდე კი, რამდენიმე დღეში, მათი პირველი პოლიტიკური გამოკითხვის შედეგები გველოდება, რომელსაც საზოგადოებრივი აზრის კვლევა სექტემბერსა და ოქტომბერშიც მოჰყვება. Survation ტელეკომპანიისთვის გაწეულ სამუშაოს ეგზიტპოლების შედეგების გაცნობით დაასრულებს.

დღის ამბები