11 სექტემბერი 2026,   04:25
ვრცლად
უკავშირდება თუ არა ლერი სულაბერიძეზე თავდასხმა თბილისის "დინამოს" წილებს - სავარაუდო ვერსიებზე ადვოკატი და დაზარალებული ჯერჯერობით არ საუბრობენ

ფეხბურთის ფედერაციის და საფეხბურთო კლუბ "დინამოს" ყოფილი ვიცე-პრეზიდენტ ლერი სულაბერიძეზე შეიარაღებული თავდასხმის სავარაუდო ვერსიებზე ჯერჯერობით არ საუბრობს მისი უფლებადამცველი.

ირმა ჭკადუას თქმით, მან არ იცის უკავშირდება თუ არა მომხდარი "დინამოს" წილების საქმეს, რომელიც უკვე წლებია მიმდინარეობს. ადვოკატის განცხადებით, ინციდენტი შუა ქუჩაში მოხდა და შესაბამისად ბევრი თვითმხილველიც ეყოლებოდა.

"ჯერჯერობით თავს ვიკავებთ, მანქანა ახსოვს და უთხრა კიდეც გამოძიებას. შუა ქუჩაზე ხდებოდა და თვითმხილველების მეტი რა იქნებოდა," - აცხადებს ირმა ჭკადუა.

ვაკის პოლიციაში ცოტა ხნის წინ მივიდა ადვოკატი კახა წერეთელი, რომელმაც დაადასტურა, რომ ლერი სულაბერიძის საქმესთან დაკავშირებით არის მისული, თუმცა ის არ არის სულაბერიძის ადვოკატი და საქმის ერთ-ერთ მოწმეს უწევს იურიდიულ დახმარებას. 

შეიარაღებული თავდასხმის მოტივზე არ საუბრობს არც თავად სულაბერიძე, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა ეს იყოს "დინამოს" წილებთან დაკავშირებული, რომელზეც დავა ამ დრომდე გრძელდება. 

ეს ლერი სულაბერიძეზე თავდასხმის პირველი ფაქტი არ არის, 1999 წლის 6 მაისს ლერი სულაბერიძეს "დინამოს" სტადიონთან საკუთარ ავტომანქანაში ესროლეს.

დღის ამბები