08 სექტემბერი 2026,   09:45
ვრცლად
რაჭაში მეორე დღეა სტიქიის შედეგებს ებრძვიან - სპეციალური მაგისტრალების საშუალებით მოსახლეობას პირველადი მოხმარების საგნები გადაეცა

რაჭაში, სადაც მეორე დღეა სტიქიის შედეგებს ებრძვიან, საგანგებო შტაბი დილიდან შეიკრიბა, რომელიც გუშინ გიორგი გახარიას დავალებით შეიქმნა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, რაჭაში სამ ლოკაციაზე მოეწყო საბაგირო მაგისტრალები და შესაძლებელია სოფლებში ჩარჩენილი მოსახლეობისთვის პირველადი მოხმარების საგნების მიწოდება.

"იმ ადგილებზე, სადაც ამ დროისთვის გზის აღდგენა ვერ ხერხდება, მოეწყო სპეციალური მაგისტრალები, ასეთია სამი ლოკაცია, რომლის საშუალებითაც მოსახლეობას მიეწოდება პირველადი საჭიროების ნივთები და საკვები პროდუქტები,"- აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი.

სალიკვიდაციო სამუშაოები დღეს დილიდან განახლდა. მასში ჩართულია ვერტმფრენი და მძიმე ტექნიკა. 

რწმუნებულის თქმით, სტიქიის ზონიდან 150-მდე ადამიანი გადმოიყვანეს.

"სტიქიის ზონიდან 150-მდე ადამიანი გადმოვიყვანეთ. სამუშაოები გრძელდება, ადგილზე მობილიზებული 2 ვერტმფრენი, რომელიც მუდმივად ადგილზე იქნება და მოემსახურება მოსახლეობას. მუდმივი კომუნიკაცია გვაქს დარჩენილ მოსახლეობასთან და ტურისტებთან. მათ საჭიროებიდან გამომდინარე მივაწვდით პროდუქტებს და მედიკამენტებს. სურვილის შემთხვევაში, მათ ვისაც სტიქიის ობიექტის დატოვება ენდომება, მოემსახურება ვერტმფრენები,"- აცხადებს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე.

რაჭაში რამდენიმე სოფელი ისევ გარესამყაროს არის მოწყვეტილი. 5 სოფელს ელექტროენერგია უკვე მიეწოდება და როგორც ცნობილია უახლოეს პერიოდში პრობლემა კიდევ სამ დასახლებაში მოგვარდება.

სტიქიის ზონაში პრემიერ-მინისტრი გაემგზავრა. გიორგი გახარიასთან ერთად, სტიქიისგან მიყენებულ ზიანს ადგილზე გაეცნობა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი.

დღის ამბები