რაჭაში, სოფლების ნაწილი ისევ გარესამყაროსაა მოწყვეტილი. დილიდან აქტიურად მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. რისკზონები გეოლოგებმა დაათვალიერეს.
სტიქიის ზონაში იმყოფება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი. მისი განცხადებით, გეოლოგებმა ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ, დამამშვიდებელი ინფორმაცია მიაწოდეს, რომლის მიხედვითაც, არსად არ შეინიშნება წყლის დაგუბებები, სწორედ ამიტომ, შემდგომი მეწყრული პროცესები და წყალმოვარდნები ამ ეტაპზე გამორიცხულია.
"დილიდან სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. გეოლოგიურმა სამსახურმა რამდენიმე შემოფრენა განახორციელა ვერტმფრენით. მათ დაათვალიერეს სტიქიის ზონა, რათა გამოგვერიცხა შემდგომი შესაძლო საფრთხეები. მათ საკმაოდ დამამშვიდებელი ინფორმაცია მოგვაწოდეს იმასთან დაკავშირებით, რომ არსად არ არის წყლის დაგუბებები, ეს ნიშნავს, რომ შემდგომი მეწყრული პროცესები და წყალმოვარდნები ამ ეტაპზე გამორიცხულია,"- აცხადებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ საავტომობილო მიმოსვლა ორ სოფელთან უკვე აღდგენილია, მოსახლეობას კი რეგულარულად მიეწოდება საჭირო მედიკამენტები. მოწყვეტილი სოფლებიდან 225 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა და სამ ლოკაციაზე განხორციელდა საბაგირო ინფრასტრუქტურის მოწყობა.