რატომ არის იდენტური არასრულწლოვან ლ.შ.-სა და გიორგი მერაბიშვილის ჩვენებები - არასრულწლოვანი ლ.შ.-ს ადვოკატი ზაქარია გვიშიანი "დღის კურიერში" აცხადებს, რომ ამასთან დაკავშირებით მას კითხვის ნიშნები არ უჩნდება, რადგანაც მსგავსი რამ შესაძლებელია, რომ ჩვენებები თუ მოსაზრებები იდენტური იყოს.
"პროცესის თანახმად უნდა დაიკითხოს ის პირი, ვინც ჩაატარა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება, ანუ გამომძიებელი კონკრეტულად. მან უნდა გასცეს პასუხი რატომ არის იდენტური? იქნებ იდენტური ინფორმაცია მიაწოდეს და ამიტომ არის, თუმცა ასე ცალსახად და დაზუსტებით ვერ ვისაუბრებ, რადგანაც ეს მტკიცებულებები უნდა იქნეს გამოკვლეული სასამართლოში. თანაც იმ ფონზე, როდესაც ბრალდებულები ამას არ აღიარებენ, ვერ ვიტყვი დაზუსტებით ეს რატომ არის, რატომ არის რაღაც ჟარგონებით თუ რაღაც წინადადებებით გრამატიკულად წყობა ამ გამოკითხვის ოქმებში.
ეს კითხვებს არ მიჩენს, შესაძლოა და არის ცალკეულ საქმეებში, რომ იდენტური იყოს ჩვენებები, მოსაზრებები, პოზიციები და მიწოდებული ინფორმაცია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მტკიცებულება არის სასამართლოში მოწმის მიერ მიწოდებული ინფორმაცია საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ. ჩვენ არ ვიცით ისინი რა პირობებში დაიკითხნენ, ვინ დაკითხა - ამაზე გასცემს პასუხებს გამომძიებელი და თუ ამის სურვილი ექნებათ - ბრალდებულებიც," - განაცხადა ადვოკატმა.
ვერსია, რომ ბრალდებულებმა თავდაპირველად აგარაკის ტერიტორია "მერსედესის" მარკის მანქანით დატოვეს, თუმცა შემდგომ უკვე ავტოსტოპით დაბრუნდნენ, არასრულწლოვანი ბრალდებულის ლ.შ.-ს ადვოკატის თქმით, მოწმეთა გამოკითხვის შედეგად დაზუსტდა.
"პირველ ჯერზე, რა თქმა უნდა დატოვეს "მერსედესით" აგარაკის ტერიტორია, ამის შემდეგ ბრუნდებიან აგარაკზე და აღნიშნულის შემდეგ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და ა.ქ. ტოვებენ ავტოსტოპით და ამაზე გამოკითხულია ორი მოწმე, ეს ინფორმაცია გავცვალეთ და წარვადგინეთ დაცვის მხარემ.
კითხვა გამომძიებლის მხრიდან არ იყო დასმული, კონკრეტულად რითი დატოვეს მეორე ჯერზე მცხეთის ტერიტორია. ეს დაზუსტდა მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, რომელიც არის წარმოდგენილი როგორც ბრალდების მხარის მიერ, ასევე ჩვენს მიერ და აღნიშნული მოწმეები ადასტურებენ, რომ ნამდვილად ავტოსტოპით დატოვეს პირველი საათის შემდეგ, ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა ლ.შ.-მ და ა.ქ.-მ მცხეთის ტერიტორია," - აცხადებს უფლებადამცველი ზაქარია გვიშიანი.