ბორჯომში მომხდარი ავარიის დროს დაზარალებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ბორჯომის საავადმყოფოს მკურნალი ექიმის განცხადებით, სამი მათგანი საავადმყოფოდან უკვე გაეწერა. რაც შეეხება დანარჩენებს, რამდენიმე მათგანს ბარძაყის ძვლის მოტეხილობა აქვს და შესაძლოა მათ ოპერაცია დასჭირდეთ.
ავარიის სავარაუდო მიზეზად ნაწვიმარი გზა სახელდება. როგორც ირკვევა მძღოლებმა საჭე ვერ დაიმორჩილეს და შედეგად ერთმანეთს შეეჯახნენ. ადგილობრივების თქმით, იმდენად მძიმე იყო ავარიის შედეგები, რომ ერთ-ერთი მძღოლის ამოყვანა, სპეცტექნიკით გახდა საჭირო.
რამდენიმე საათის წინ ბორჯომში მომხდარი ავარიის დროს, 12 ადამიანი დაშავდა. თბილისიდან ახალციხის მიმართულებით მოძრავ სამგზავრო მიკროავტობუსს სადისტრიბუციო ავტომობილი შეეჯახა. მძიმედ არიან დაზარალებულები მძღოლები. დაშავდნენ მგზავრებიც. გამოძიება დაიწყო 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.