29 დეკემბერი 2024,   21:49
ვრცლად
გოგი თოფაძის შვილიშვილის დაჭრის ფაქტზე 1 პირი დააკავეს - "კურიერის" ინფორმაციით, დაკავებულია ბუსა ჟვანია

გოგი თოფაძის შვილიშვილის დაჭრის ფაქტზე სამართალდამცველებმა 1 პირი დააკავეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული ბ.ჟ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, თბილისში დააკავეს. 

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1998 წელს დაბადებულ ლევან თოფაძეს, მისსავე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა.
 
სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს.
 
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
 
დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
"კურიერის" ინფორმაციით, ლევან თოფაძე საკუთარ სახლში ცივი იარაღით ბუსა ჟვანიამ დაჭრა.
დღის ამბები