თბილისში ბუნებრივი აირისგან გამოწვეულ აფეთქებას ერთდროულად ორი კორპუსი გადაურჩა. სამგორის რაიონში, აბაშვილის ქუჩაზე აირის გაჟონვა დღის მეორე ნახევარში მოხდა. ადგილობრივები იხსენებენ, რომ ამ დროისთვის 9 სართულიანი კორპუსის თითქმის ყველა ბინადარი სახლში იმყოფებოდა. მათი თქმით, აფეთქების რისკის გასანეიტრალებლად ერთ-ერთ ბინაში "თბილისი ენერჯის" თანამშრომლებთან ერთად სამაშველო სამსახურის შესვლა გახდა საჭირო.
აბაშვილის ქუჩის ინციდენტიდან რამდენიმე წუთში კიდევ ერთი გამოძახება ლოჭინის დასახლებიდან დაფიქსირდა. ბუნებრივი აირის მაღალი კონცენტრაცია ამჯერად ავარიული საცხოვრებელი კორპუსის ბინაში ხდებოდა. ადგილობრივები "კურიერთან" ყვებიან, რომ შესაძლოა აფეთქებას მასშტაბური ნგრევა და მსხვერპლიც მოჰყოლოდა.
ორივე კორპუსში ბუნებრივი აირის მაღალი კონცენტრაციის დონე სპეციალური ლაზერული აპარატით დადგინდა. როგორც სწრაფი რეაგირების ცენტრის თანამშრომლები იხსენებენ, მრავალსართულიან საცხოვრებელში დაზიანების კერის დროული აღმოჩენა სპეციალური ტექნიკის გარეშე დაგვიანდებოდა. "თბილისი ენერჯიში" განმარტავენ, რომ თანამედროვე ევროპული აპარატურის არსებობის მიუხედავად, შემთხვევების სტატისტიკას მხოლოდ საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა შეამცირებს.
დიდი დიღომი, თემქა, სანზონა, დიღმის მასივი - ეს იმ უბნების არასრული ჩამონათვალია, სადაც ბოლო ორი წლის განმავლობაში აირის აფეთქებას მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა. ერთ-ერთი ბოლო აფეთქება სანზონაში გურამიშვილის ქუჩაზე მოხდა. დღეს "კურიერის" კამერასთან უკვე აღდგენილი კორპუსის მაცხოვრებლები ყვებიან, რომ ფაქტის შემდგომ აირის გაჟონვისგან დასაცავად შესაბამისი სამსახურები მონიტორინგს ყოველდღიურად ახორციელებენ, თუმცა რამდენიმე ბინაში გაზის გაჟონვა მაინც დაფიქსირდა.
2019-2020 წლებში ბუნებრივი აირის გაჟონვით თბილისში 300-ზე მეტი პირი მოიწამლა. ორი წლის განმავლობაში გაზთან დაკავშირებულ შემთხვევებს 30 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.