25 აპრილი 2024,   08:35
ვრცლად
"FBI-მ საქმე თავიდან ბოლომდე უნდა გამოიძიოს" - თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი შსს-ში შეხვედრაზე იმყოფება

რა როლი ექნება ამერიკის გამოძიების ფედერალურ ბიუროს თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში - გარდაცვლილი ახალგაზრდას ოჯახი ამ წუთებში შინაგან საქმეთა სამინისტროში შეხვედრაზე იმყოფება. ეს მას შემდეგ დაიგეგმა, რაც უწყებამ გამოხატა მზადყოფნა ითანამშრომლოს FBI-სთან.

თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები ითხოვენ ამერიკულ მხარეს არ ჰქონდეს მხოლოდ კონსულტანტის როლი, არამედ დეტალურად შეისწავლონ, მათივე მტკიცებით, სავარაუდო დანაშაულის მიზეზები.

შინაგან საქმეთა სამინისტროში შეხვედრა უკვე ნახევარი საათია მიმდინარეობს. 

"გააჩნია FBI-ს რა დონეზე ჩართავენ, რაღაც კონსულტაციების დონეზე ნამდვილად არ მაწყობს. თავიდან ბოლომდე, დაწყებული დაკარგვის დღიდან და დამთავრებული დღემდე. მაღალჩინოსნებთან არის ზუსტად დაკავშირებული რომ ამდენი ხარვეზია გამოძიებაში და არცერთ კითხვაზე პასუხი ჯერ არ გაუციათ მილიონი კითხვიდან - რატომ დაიკარგა თამარი, რატომ ვერ მოიძებნა 5 დღის მანძილზე, რატომ წაიშალა კომპიუტერში ყველაფერი და გასუფთავდა. ანალოგიურად მანქანაც უნდა შემოწმდეს, რადგან მანქანა ჯერ არ არის გახსნილი და ველოდებით ფედერალური ბიუროს ჩამოსვლას და ისე გაიხსნება," - განაცხადა თამარ ბაჩალიაშვილის დედამ თეონა თამაზაშვილმა.

ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილი არ გამორიცხავს, რომ ოჯახი გენერალურ პროკურორს ირაკლი შოთაძესაც შეხვდეს. 

"მთავარი იქნება ამის შემდეგ უკვე ირაკლი შოთაძესთან შეხვედრა, ზუსტი დრო, ზუსტი ვადები, არანაირი ლოდინის რეჟიმი არ იქნება. დალუქულია ავტომობილი და ახლა გავარკვევთ ექსპერტები FBI-დან როდის შეძლებენ ჩამოსვლას, რა პერიოდი დასჭირდებათ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ამას მოჰყვება ძალიან დიდი პროტესტი ოჯახის მხრიდან, თუ მოხდება ავტომობილის FBI-ის ექსპერტების გარეშე გახსნა, რადგან არის ინფორმაცია რომ იქაც რაღაც არასულყოფილად არის ყველაფერი," - აღნიშნა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

 

ავტორი: სალომე უერთაშვილი

დღის ამბები