19 ნოემბერი 2024,   05:33
ვრცლად
ქუჩებში უკვე გამოჩნდნენ მონატრებული ტურისტები - ნათია თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქვეყანაში პირველი ტურისტები უკვე ჩამოვიდნენ. 

მისი თქმით, ჩამოფრენილი მგზავრების აბსოლუტური უმრავლესობა საერთაშორისო ვიზიტორია

"თქვენ უკვე იცით, რომ ჩვენ აგვისტოში რეგულარული ფრენები ნაწილობრივ გავხსენით. დაფრინავს "ლუფტანზა", მიუნხენის რეისები სრულდება, "ეარფრანსის" პირველი რეისი 9 აგვისტოს ჩამოფრინდება. დღეს გამოფრინდება და ხვალ ჩვენთან იქნება პირველი რეისი "ეარბალტიკის" - რიგა-თბილისი-რიგა. გარდა ამისა, "აირზენა" ასრულებს კომერციულ ჩარტერებს, 16-მდე კომერციული ჩარტერი არის დაგეგმილი თვის განმავლობაში.

სულ ახლახანს, მაგალითად პარიზის რეისი ჩამოფრინდა და გარდა ამისა, ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებას სხვა კომპანიებთან უკვე არა მარტო აგვისტოს, არამედ სექტემბრის თვეზე და ეტაპობრივად გავხსნით სხვა შესაძლო ფრენებსაც, ოღონდ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით.

ის რეისები, რაც ჩამოფრინდა პარიზიდან, მიუნხენიდან, რასაც ასევე ველოდებით ევროპიდან, შიძლება ითქვას, რომ უდიდესი უმრავლესობა უცხოელი ტურისტები არიან, საერთაშორისო ვიზიტორები. აქედან გამომდინარე, ქუჩებში უკვე შევძლებთ კვლავ მონატრებული უცხოელი ტურისტები დავინახოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სტატისტიკაა, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეებიც მოფრინავენ და სარგებლობენ ამ რეისებით, მაგრამ ძირითადად ვიზიტორები, ვისაც სურთ ესტუმრონ საქართველოს, იმიტომ, რომ საქართველო მიმზიდველობასთან ერთად არის უსაფრთხო ქვეყანა,"- განაცხადა ნათია თურნავამ.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მარიამ ქვრივიშვილის თქმით, პარიზისა და მიუნხენის რეისით ჩამოფრენილი ტურისტების უმრავლესობა საფრანგეთისა და გერმანიის მოქალაქეა.

"გუშინ შესრულდა პარიზის რეისი, ბორტზე იმყოფებოდა 188 ადამიანი, საიდანაც აბსოლუტური უმრავლესობა იყვნენ ტურისტები, რომლებმაც კარანტინის გარეშე დატოვეს აეროპორტი და ახლა უკვე მოგზაურობენ ჩვენს ქვეყანაში. იგივე პრინციპი გავრცელდა მიუნხენის რეისზეც. მოგეხსენებათ, რომ 5 ქვეყანასთან საქართველოს ნაცვალგების პრინციპით აქვს გახსნილი ურთიერთმიმოსვლა, რის ფარგლებშიც, მათ შორის მიუნხენის ფარგლებში ჩამოსული მგზავრების აბსოლუტური უმრავლესობა არის ტურისტი," - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა. 

დღის ამბები