19 ნოემბერი 2024,   01:31
ვრცლად
"ინოვას" ექიმები ბრალდებულ ექიმებს მხარდაჭერას უცხადებენ

თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმის, ვახტანგ ყიფიანს, რომელსაც სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, სამედიცინო ცენტრ "ინოვას" ექიმები მხარდაჭერას უცხადებენ. ისინი ამბობენ, რომ საქმეში ექიმების დანაშაული არ იკვეთება და ექიმისთვის პატიმრობის მოხსნას ითხოვენ. 

"მე ვფიქრობ, რომ ექიმს წინასწარი პატიმრობა არ უნდა მიუსაჯო. ბატონი ვახტანგი არსად არ გარბოდა, არავის ემალებოდა და რაც გააკეთა, იმაზე პასუხისმგებელია და არ იხსნის პასუხისმგებლობას. მაგრამ, ჩემი აზრი არის, რომ ექიმი წინასწარ პატიმრობაში არ უნდა იყოს. ექიმი არ არის თაღლითი, არავის არაფერს ძალავს, ექიმი არის ადამიანი, გასაჭირში მყოფ პაციენტებს ეხმარება,"-განაცხადა ნიკოლოზ კინტრაიამ.

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების აღმასრულებელი მდივანი არჩილ მორჩილაძე დარწმუნებულია, რომ როგორც კი საქმე სასამართლოში გადაინაცვლებს, ექიმებს ყველა ბრალდება მოეხსნებათ. 

"ის საუბრები, თაღლითობა, შემდეგ არასერტიფიცირებული ექიმის ჩარევა, არ შეესაბამება სიმართლეს. ის ჩარევის კოდი, რომელიც მითითებულია ჩარევაში, სრულად შეესაბამება იმ კომპეტენციას, რასაც ფლობდა ის ექიმი, მაგრამ, ამავდროულად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩარევა საერთოდ არ განხორციელებულა, ვინაიდან ანესთეზიის დონეზე მოხდა გართულება. შესაბამისად, სასამართლოში რომ გადაინაცვლოს ამ საქმემ, უტყუარად დადასტურდება ამ ადამიანების უდანაშაულობა,"-განაცხადა არჩილ მორჩილაძემ.

თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორ გიორგი ლობჟანიძეს სამსახურებრივ გულგრილობას, ხოლო ვახტანგ ყიფიანს თაღლითობას და უკანონო საქმიანობას ედავებიან, რაც შეეხება ექიმ მაგდა ხოჭოლავას, რომელიც იტალიის მოქალაქეა, მას ლიცენზიის გარეშე ანესთეზიოლოგიური და რეანიმატოლოგიური მომსახურების გაწევაში ედება ბრალი.

საქალაქო სასამართლომ კლინიკის დირექტორი 100 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, ვახტანგ ყიფიანი პატიმრობაში დატოვა, ხოლო მაგდა ხოჭოლავას, რომელიც საქართველოში არ იმყოფებოდა, პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. 

საქმე ეხება 25 წლის ქალს, რომელიც უკვე 20 თვეა კომატოზურ მდგომარეობაშია. 2018 წლის სექტემბერში ჩატარებული ოპერაციის ავტორის კვალიფიკაციის შემოწმება გამოძიებამ მას შემდეგ დაიწყო, რაც ეს მოთხოვნა პაციენტის ოჯახმა დააყენა. დაკავებულები დანაშაულს არ აღიარებენ.

დღის ამბები