19 ნოემბერი 2024,   02:28
ვრცლად
შემთხვევის დროს ასზე მეტი ადამიანი იყო, სახლში რომ ვყოფილიყავით, ჩვენც დავიწვებოდით - ადგილობრივები ახალქალაქში დაპირისპირების და მკვლელობის შესახებ

სისხლიანი დაპირისპირების და მკვლელობის შემდეგ, ახალქალაქში ვითარება სტაბილურია. ქალაქში საპოლიციო ძალები არიან მობილიზებულები, რომლებიც ვითარებას აკონტროლებენ. დაპირისპირება ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე მიმდინარეობდა. დარბეული და დამწვარია 4 სახლი და დამწვარია სასტუმრო.

რა გახდა მიზეზი, ვერსიებზე მხოლოდ ადგილობრივების ნაწილი საუბრობს. ადგილობრივების ვერსიით, დაპირისპირება ორ ოჯახს შორის წლების წინ დაიწყო და პერიოდულად გაუგებრობები მათ შორის მუდმივად ხდებოდა. ერთ-ერთი ასეთი ჩხუბის დროს ახალგაზრდა კაცი ტყვიამ იმსხვერპლა, რის მერეც მისი ნათესავები ერთ-ერთი სოფლიდან ახალქალაქში ჩავიდნენ და სავარაუდო დამნაშავის ოჯახზე შური იძიეს. 

ადგილობრივების თქმით, დაპირისპირებაში 100-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.

"შემთხვევის დროს აქ ასზე მეტი ადამიანი იყო. სახლში რომ ვყოფილიყავით, ალბათ ჩვენც დავიწვებოდით. გადავრჩით, რომ მეზობლების სახლებიც არ დაიწვა. მე არ ვიცი მკვლელობა რის გამო მოხდა. არც ის ვიცი კონფლიქტი რატომ დაიწყო. ეს წლების წინ დაწყებული უთანხმოებაა, რასაც ადამიანების სიცოცხლე შეეწირა," - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

"როდესაც მე მოვედი უკვე ხანძარი იყო. არ ვიცი რატომ დაწვეს სახლი, არც ის ვიცი, რის გამო დაიწყო კონფლიქტი. ვიცი, რომ სახლის დასარბევად დიდი ჯგუფი მოვიდა, თუმცა საბედნიეროდ აქ არავინ დახვდათ. ვინც აქ ცხოვრობს, მას პატარა შვილები ჰყავს და შესაძლოა დარბევის შედეგი გაცილებით მძიმე ყოფილიყო," - აღნიშნა ერთ-ერთმა ადგილობრივმა

​"გუშინდელი დაპირისპირების მოტივი არ ვიცი, თუმცა გავიგე, რომ გულიკანიდან გარდაცვლილის სანათესაო დაპირისპირებულ მხარესთან გასასწორებლად ჩამოვიდა. გააჩინეს ხანძარი და 4 სახლი თითქმის სრულიად დაანგრიეს," - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

"კურიერის" გადამღები ჯგუფი იმ სოფელშიც იმყოფებოდა, სადაც გარდაცვლილის ცხედარია დასვენებული. მეზობლებს შემთხვევის შესახებ საუბარი უჭირთ, თუმცა მათი ნაწილი ვარაუდობს, რომ კონფლიქტის მიზეზი ორ დაპირისპირებულ ოჯახს შორის რამდენიმე წლის წინ დაწყებულია ამბავია. 

დღის ამბები