"ქართული ოცნება" წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში კახეთში შეხვედრებს განაგრძობს. თელავის შემდეგ, ირაკლი ქადაგიშვილის კანდიდატურა "ქართულმა ოცნებამ" ახმეტის მოსახლეობას წარუდგინა.
მოსახლეობასთან შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რეგიონში უკვე განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კიდევ მეტია გასაკეთებელი გლეხებისა და ფერმერების ხელშეწყობის მიზნით.
"ჩვენ დღეს აქ ვდგავართ და თქვენთან ვსაუბრობთ, მოგიწოდებთ იმისთვის, რომ კარგად გვესმის, რომ ბევრი მნიშვნელოვანი, კარგი საქმე გვაქვს დაწყებული, რომელიც არის გასაგრძელებელი. 2012 წლიდან ამ წლების განმავლობაში ახმეტის რაიონში სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებით მონაწილეობა მიიღო ბევრმა ფერმერმა და ამ პროექტების ჯამური ღირებულება იყო 66 მილიონ ლარზე მეტი. რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის, კიდევ უფრო მეტი პროექტი უნდა განხორციელდეს ახმეტაში. კიდევ უფრო მეტმა გლეხმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა თავის თავზე და სახელმწიფოს დახმარებით უნდა დაიწყოს თავისი საქმე. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი ერთად, ახმეტელებთან ერთად ვიბრძოლებთ წარმატებული საქართველოსთვის,"-განაცხადა გიორგი გახარიამ.
"ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ქადაგიშვილი ახმეტელებს ფერმერული მეურნეობის წარმატებით გაძღოლაში დახმარებას დაჰპირდა.
"როდესაც მე პარლამენტში მომიწევს გამარჯვების შემდეგ მუშაობის გაგრძელება, რა თქმა უნდა, პირდაპირ ჩავერთვები სწორედ იმ საკითხების გადაწყვეტაში, რაც რეალურად მოგვცემს იმის საშუალებას, რომ თითოეულმა მოქალაქემ უფრო ეფექტურად მიიღოს ის დახმარება, სერვისი, რასაც ის თავისი მუნიციპალიტეტიდან ელოდება. თითოეულმა ფერმერმა, გლეხმა, მშრომელმა კაცმა მიიღოს ის აუცილებელი ინსტრუმენტები, ფინანსური, ცოდნისა თუ მხარდაჭერის კუთხით, რაც აუცილებელია, რომ მან თავისი მეურნეობა კარგად გამართოს და ბიზნესი კარგად აწარმოოს,"-განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ახმეტელებს "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემაც მიმართა.
"2012 წელს, საქართველოს უსამართლობისა და ჩაგვრისგან გათავისუფლების შემდეგ, ჩვენ ყოველდღიურად ვცდილობთ, ჩვენს თანამოქალაქეებს შევუმსუბუქოთ ყოფა, მივაწოდოთ გაუმჯობესებული ჯანდაცვის, სოციალური დახმარების პაკეტები, მოვაწესრიგოთ ინფრასტრუქტურა ყველა მხარესა და მუნიციპალიტეტში, შევქმნათ განვითარებისა და შემოსავლების მიღების მეტი შესაძლებლობა, სოფლის მეურნეობის, მეწარმეობის ხელშეწყობის თუ სხვა სახელმწიფო პროგრამების საშუალებით. ამ ძალისხმევამ, რა თქმა უნდა, თავისი შედეგი ნაწილობრივ უკვე გამოიღო, ქართველ მეწარმეებს გახსნილი აქვთ მსოფლიოს უდიდესი ბაზრები. დღეს ქართველი გლეხის შრომით მოყვანილი და სახელმწიფოს დახმარებით შექმნილი ქარხნების მიერ ჩამოსხმული ღვინოები მთელს მსოფლიოში იყიდება და ადამიანის შრომა დაფასებულია. შეიძლება ჯერ იმდენად კიდევ არა, რამდენადაც ვისურვებდით, მაგრამ იმაზე უკეთ ნამდვილად არის, რაც იყო წლების წინ,"- განაცხადა კალაძემ.