25 აპრილი 2024,   04:00
ვრცლად
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მშვიდობაურის მოსახლეობამ უწყლობის გამო საპროტესტო აქცია გამართა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მშვიდობაურის მოსახლეობამ უწყლობის გამო საპროტესტო აქცია გამართა. აღნიშნული პრობლემა მშვიდობაურელებს 30 წელზე მეტია აწუხებთ და როგორც თავად ამბობენ, ხელისუფლების მხრიდან დაპირებების მეტი არაფერი მიუღიათ.

"30 წელია რაც წყალი არ გვაქვს, 3 წელზე მეტია ამ პრობლემის მოგვარებას ვითხოვთ. ბავშვებს ჭის მღვრიე წყალს ვასმევთ ან შორი გზიდან მოგვაქვს. ასე ცხოვრება უკვე შეუძლებელია. როგორც წესი, არჩევნების დროს გვპირდებიან ამ პრობლემის მოგვარებას, მაგრამ მერე არაფერიც არ გვარდება. თუ ამჯერადაც იგივე მოხდა, არჩევნებს არ ჩავატარებინებთ, გზას გადავკეტავთ," - აცხადებენ სოფლის მცხოვრებლები.

მათივე თქმით, შეიტყვეს, რომ მეზობელ სოფლებში წყლის სისტემის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ტენდერი გამოცხადდა, ამ სიაში კი მათი სოფელი არ მოხვდა.

სოფლის რწმუნებულმა თავდაპირველად კომენტარს თავი აარიდა და ჟურნალისტები პრესსამსახურთან გადაამისამართა, თუმცა საბოლოოდ რწმუნებულმა და დეპუტატმა განაცხადეს, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

"ეს ხალხი მოატყუეს და შეცდომაში შეიყვანეს, პროექტის მომზადებასთან დაკავშირებით ტენდერი ერთ-ერთმა კომპანიამ უკვე მოიგო, ახლა პროექტის ექსპერტიზა მიმდინარეობს. "კოვიდ 19 -ის" პანდემია რომ არ ყოფილიყო, ეს საქმე უფრო ადრე მოგვარდებოდა, მაგრამ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით ტენდერი აწი უნდა გამოცხადდეს. წყალი სოფელს ექნება, მაგრამ ეს საკითხი ამ წელს ნამდვილად ვერ მოესწრება," - აცხადებენ სოფლის ადმინისტრაციაში.

მშვიდობაურელების დიდ ნაწილს აღნიშნული ახსნა-განმარტების არ სჯერა და თუ პრობლემა კვლავაც მოუგვარებელი დარჩა, რადიკალური საპროტესტო ზომების მიღებას აპირებენ.

დღის ამბები