წითელსოფელში კორონავირუსი დისტრიბუტორს დაუდასტურდა, რომლის მამაც დუშეთის მერიის თანამშრომელია. ინფიცირებული, სამსახურეობრივად მცხეთასა და ყაზბეგში გადაადგილდებოდა. ჯანმრთელობის გაუარესების შემდეგ, მან 112-ში დარეკა, გამოძახებაზე კი, როგორც ირკვევა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები ეკიპირების გარეშე მივიდნენ.
მას შემდეგ, რაც პაციენტს კორონავირუსის დიაგნოზი დაუდგინდა, მედიკოსებიც იზოლაციაში გადაიყვანეს.
როგორც ადგილობრივები "კურიერთან" საუბრისას აცხადებენ, ინფიცირებული სამსახურში ადრე მიდიოდა და გვიან ბრუნდებოდა.
"ეგ სოფელში არ იყო, დილას მიდიოდა სანამ გათენდებოდა, მუშაობდა. მამამისიც კარანტინში ჰყავთო ამბობენ," - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
"დახლოებით ერთი თვეა ამ ბიჭთან შეხვედრა არ გვქონია, იმიტომ, რომ მუშაობს. ადრე მიდის დილას და გვიან საღამოს მოდის. მამამისიც, მეუღლე რაც დაეღუპა სოფელში არ გამოჩენილა, დუშეთშია, იქ ცხოვრობს," - აღნიშნა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
როგორც დუშეთის მერი ზურაბ სეხნიაშვილი "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას აცხადებს, აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით კომენტარს რამდენიმე დღეში გააკეთებს.
"რომ მოვა ტესტირების პასუხები, ხომ უნდა გავიაროთ ეს თემები. 2-3 დღე მოითმინეთ და მერე გავაკეთებ კომენტარს. სიმშვიდეა, სიწყნარეა, არაფერი პრობლემა არ არის. დისტანციურზე იყო ეგ ვაჟბატონი," - განაცხადა მერმა.