თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 5 ახალი ფაქტი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, ერთი იმპორტირებული, ხოლო ორ შემთხვევაზე წყაროს მოძიება გრძელდება.
მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კოვიდ ცენტრებში სულ 232 პაციენტი გადის მკურნალობას. მათგან 6-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, მძიმე პაციენტების რიცხვი კი 22-ს შეადგენს.
"დაგვემატა 5 ახალი დადასტურებული შემთხვევა და დღევანდელი მონაცემებით, 1341 დადასტურებული შემთხვევაა. ეს 5 ახალი დადასტურებული შემთხვევა ასეთი განაწილებისაა - 2 არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, ერთი არის იმპორტირებული და ორ დადასტურებულ შემთხვევაზე გრძელდება კონტაქტების მოძიება, წყაროს დადგენის თვალსაზრისით. გამოჯანმრთელებულები გაგვეზარდა მხოლოდ 4-ით. იყო 1088 და 1092 გახლავთ. ამ მონაცემების შეჯერებით, კოვიდ ცენტრებში მკურნალობს 232 დადასტურებული შემთხვევა.
232 დადასტურებულ შემთხვევაში 6 არის კრიტიკული პაციენტი, ისინი მკურნალობენ კოვიდ ცენტრების შესაბამის რეანიმაციულ განყოფილებებში. მძიმე პაციენტების გაიზარდა და გახლავთ 22 მძიმე პაციენტი," - თქვა მარინა ეზუგაბაიამ.
მისივე განცხადებით, ინფექციური საავადმყოფოში სამი ადამიანი გამოჯანმრთელდა, ასევე დაემატა 2 ახალი დადასტურებული შემთხვევა. კლინიკაში 2 მძიმე პაციენტი გადის მკურნალობას.
მარინა ეზუგბაია ინფიცირების უცნობი წყაროების შესახებაც საუბრობს და ამბობს, რომ 1 აგვისტოდან ჯამში ასეთი 17 შემთხვევაა გამოვლენილი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ დღემდე არც ერთი მათგანის წყარო დადგენილი არ არის.
"1 აგვისტოდან დღევანდელის ჩათვლით, ჯამურად გახლავთ 17, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ 17-დან უკვე არ არის დადასტურებული რომელიმეს წყარო. დარწმუნებული ვარ, ამ 17-დან 2/3-ზე მეტის წყარო დადგენილია. მაგრამ, მთავარი არის კონტაქტების მოძიება, მათი იზოლაცია და მთელი ინკუბაციურის პერიოდში მათი ტესტირება. ეს კეთდება, ამიტომ, გარკვეულწილად, დაავადების გავრცელების პრევენცია დაფუძნებულია ძირითადად ამ პროცესზე," - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.