გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების არჩილ გაგნიძისა და ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატებმა მცხეთაში, არაგვის ხიდთან დამოუკიდებელი საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩაატარეს.
ბრალდებულების, მორაგბე არჩილ გაგნიძისა და ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატების ინიციატივით გათამაშდა პროკურატურის მიერ გავრცელებული ვერსიის ეპიზოდები. დაკავებულთა უფლებადამცველები ამტკიცებენ, რომ ექსპერიმენტმა დაადასტურა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები აბსურდულია.
ადვოკატების თქმით, აღნიშნული ექსპერიმენტი საქმის მასალებს დაერთვება.
"ექსპერიმენტმა გვაჩვენა, რომ პირის ბრალდების შესახებ რომელიც არის წარმოდგენილი დადგენილების სახით, პროკურატურის მხრიდან არის ტყუილი და აბსურდი, ანუ არ შეესაბამება ფაქტობრივ გარემოებებს და წარმოუდგენელია, რომ ნებისმიერ ობიექტურ პირს აღექვა ის, რასაც ბატონი ბრეგვაძე საუბრობს.
ჩვენ დავაყენეთ 6 პირი, რომელსაც ვთხოვეთ, რომ უნდა ჩაერბინა იმ რელიეფში, სადაც ბრალდების მხარე გვედავება, რომ ჩვენ განვახორციელეთ დევნა და შემდეგ ლიკვიდაცია შაქარაშვილის, ფიზიკურად შეუძლებელი გახდა, იმიტომ რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა, იმიტომ რომ იქ არაფერი არ ჩანდა.
აღნიშნული მტკიცებულებები საქმის მასალებს დაერთვება, იქნება დაცვის მტკიცებულებები და იმედი მაქვს რომ იქნება დასაშვები მტკიცებულებები," - განაცხადა არჩილ გაგნიძის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ.