19 ნოემბერი 2024,   06:25
ვრცლად
სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 11-ვე პირი პატიმრობაში დატოვა

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 11 სრულწლოვანი ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხზე სასამართლო დასრულდა.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, შესაბამისად, 11 ბრალდებული პატიმრობაში დატოვა. 

"11-ვე ბრალდებულის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა ძალაში დარჩა. გამოძიება 109-ე მუხლის ნაწილში მიმდინარეობს, რადგან საუბარი იყო საქმეში ჟვანიას მონაწილეობაზე. თუმცა, ჟვანიას მონაწილეობა მკვლელობაში არ დასტურდება. ეს პიროვნება "მერსედესის" მანქანაში იჯდა, რომელიც პირველი თავდასხმის მონაწილე ადამიანი იყო. იმ პირებს, ვისაც განზრახ მკვლელობაში ედებათ ბრალი, "ტოიოტას" მარკის ავტომობილში ისხდნენ. არ არის გამორიცხული, რომ ბრალდებულებს პიროვნებებიც დაემატოს და ახალი  მუხლიც,"- აღნიშნავს პროკურორი დავით ყაზარაშვილი.

ერთ-ერთი ბრალდებულის, გიგა ტატიაშვილის ადვოკატი კი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა არ იცოდა პირველი ჩხუბის ეპიზოდის შემდეგ, მეორე დაპირისპირებაც რომ მოხდა. მისი თქმით, ეს ტატიაშვილმა მხოლოდ მეორე დღეს გაიგო.

"ტატიაშვილს ეგონა, რომ როდესაც მისი მანქანიდან გადასულებთან მოუვიდათ კამათი, მას ამის შემდეგ ეგონა შაქარაშვილი დაკარგული. მან, რეალურად, მეორე დღემდე არ იცოდა, რომ იქ კიდევ მეორე დაპირისპირება მოხდა. ტატიაშვილი ჩვენებაშიც ადასტურებს, რომ "ტოიოტასა" და "მერსედესის" მძღოლებს შორის კომუნიკაცია იყო, თუმცა მან დეტალები არ იცის," - აცხადებს გიგა ტატიაშვილის ადვოკატი გიორგი ყიფშიძე.

დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში 11 სრულწლოვნის საქმეზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობდა. 

დღის ამბები