08 სექტემბერი 2026,   10:21
ვრცლად
არჩილ გაგნიძის ადვოკატებმა მოწმის, იაკობ ბრეგვაძის მიმართ გამოძიების დაწყების მოთხოვნით პოლიციაში განცხადება შეიტანეს

დღეს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ბრალდებულის არჩილ გაგნიძის ადვოკატები შინაგან საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდნენ.

გაგნიძის ადვოკატები მიიჩნევენ, რომ საქმის მოწმე იაკობ ბრეგვაძე განსხვავებულ ჩვენებებს აძლევს. მათი თქმით, ჩვენებები და საგამოძიებო ექსპერიმენტი რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან.

ადვოკატების განცხადებით, არასწორი ჩვენებების გამო შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უნდა დაიწყოს და იაკობ ბრეგვაძის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

"მიგვაჩნია, რომ მან მთელ რიგ შემთხვევებში გამოძიებას მიაწოდა ცრუ ინფორმაცია. კერძოდ, ეს გამოიხატა იმაში, რომ მის პირველ გამოკითხვისას მიუთითებს იმ გარემოებაზე, თითქოს "ტოიოტა ქამრი" როდესაც მოვიდა შემთხვევის ადგილას იქიდან გადმოვიდნენ სამი პირი და ფიზიკურად უსწორდებოდნენ 10 წუთის განმავლობაში 2 ადამიანს. შემდეგ მან სატელევიზიო ეთერში ისაუბრა მისი მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტში, რომელშიც მან უარყო ეს გარემოება. ეს გარემოება ასევე უარყო მისმა ადვოკატმა. ეს ყველაფერი ჩვენ გვარწმუნებს იმაში, რომ ეს ადამიანი სისტემატიურად ცრუ ინფორმაციას აწვდის გამოძიებას," - აღნიშნა არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის ადვოკატმა ბექა ნემსიწვერიძემ.

 

დღის ამბები