რატომ ვერ გახარჯა ბათუმის მერიამ სრულად 2019 წლის ბიუჯეტში სოციალური პროექტებისთვის გამოყოფილი მილიონი - მერია ფაქტს ადასტურებს, მაგრამ ირწმუნება, რომ თანხა არა სოციალური პრიორიტეტების, არამედ - ინფრასტრუქტურისთვის იყო გამიზნული.
ოპოზიცია ხელისუფლებას ბრალდებებს უყენებს და ამბობს, რომ ამ ფონზე მაღალჩინოსნებმა სახელფასო ფონდის ათვისება მთლიანად შეძლეს.
კითხვები არ აქვს საკრებულოს წევრების ნაწილს. "ოცნება" ამბობს, რომ ოპონენტები ციფრებით მანიპულირებენ. საბოლოო დასკვნას საკითხზე აუდიტის სამსახური დადებს.
ბათუმის მერიამ 2019 წლის ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარის ათვისება ვერ შეძლო. თვითმმართველ ორგანოს მილიონ ლარზე მეტი სოციალური პროექტებისთვის გამოყოფილი თანხებიდანაც დარჩა.
სამაგიეროდ, მერიის თანამშრომლებმა ბიუჯეტის სახელფასო პუნქტის ათვისება სრულად მოახერხეს.
22 მილიონი ერთი წლის განმავლობაში ხელფასებსა და პრემიებზე დაიხარჯა. ადგილობრივების ნაწილი აცხადებს, რომ სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრების მიუხედავად, მერიას მათ დასახმარებლად თანხა თითქმის არასდროს აქვს.