დღეს თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილის ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს - ამის შესახებ განცხადება მისმა ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა გააკეთა. ის 5 საათის განმავლობაში თბილისის პროკურატურაში, საქმის მასალებს ეცნობოდა.
გამოძიებამ მას იმ ვიდეო ჩანაწერის სრული ვერსია გააცნო, რომელიც რამდენიმე დღის წინ პროკურატურამ გაასაჯაროვა. ადვოკატმა საქმის მასალებზე დეტალურად არ ისაუბრა, რადგან, მისი თქმით, ეს ვიდეო მასალა სახელმწიფო საიდუმლოებას შეიცავს.
"ჩანაწერები ვნახე დაკავშირებული იმ ჯიპებთან, ნაწილი კიდევ აკლია და გადაწერა მიმდინარეობს. როდესაც სრულად ვნახავ, მერე უკვე იქნება სრული შეფასება. იქნება მხოლოდ ორი ფორმის პასუხი - ეს იქნება რა შემხებლობა ჰქონდა ამ ავტომობილებს ამ საკითხთან. გამოძიებასთან ერთად შევთანხმდი და ორშაბათს ტარდება ავტომობილის ექსპერტიზა,"-განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.