ეპიდვითარების გამო ახალ სასწავლო წელს მოსწავლეებს განსხვავებული ფორმატით მოუწევთ სწავლის გაგრძელება. თუ დაწყებითი კლასის მოსწავლეები სკოლის შენობაში კვირის განმავლობაში ხუთი დღე ივლიან, მე-5, მე-6 და მე-7 კლასელებს გაკვეთილებზე დასწრება კვირაში 4 დღის განმავლობაში მოუწევთ, რადგან ერთი დღე ონლაინ გაკვეთილებს დაეთმობა. ე.წ. "შერეული" სასწავლო სისტემის მიხედვით ცვლილებებია გათვალისწინებული უფრო მაღალი კლასებისთვისაც.
ეპიდვითარების გაუარესების მიუხედავად სასწავლო წლის დაწყების თარიღად 15 სექტემბერი განისაზღვრა. ამ პირობებში განსაკუთრებული ყურადღება მახვილდება სკოლებისთვის დაწესებული რეგულაციების მკაცრად აღსრულებაზე. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ უკვე დაწყებულია სკოლების შემოწმების პროცესი. 15 სექტემბრამდე საქართველოში არსებული ყველა სკოლა უნდა შემოწმდეს. დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, რისკების შემცირების მიზნით შესაბამისი პროცედურები სასწავლო წლის მიმდინარეობის დროსაც განხორციელდება.
2020-2021 სასწავლო წლის დასაწყებად, ქართულ სკოლებში, 600 000-მდე მოსწავლე ემზადება.