დღეს შაქარაშვილის საქმეზე ანა გაბეჩავას მეგობარი სალომე ჭკადუა დაიკითხება - პროკურორი
მცხეთის რაიონულ სასამართლოში, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების პროცესი, ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდება. დღეს სავარაუდოდ ის პოლიციელები დაიკითხებიან, რომლებმაც საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს.
გუშინ კი ამავე საქმეზე სხდომა შვიდი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. გამოიკითხა ოთხი პირი. სამი გამომძიებელი და ერთ-ერთი მოწმე ვანო თეგაძე, რომელიც დაბადების დღის სტუმარი იყო. პროცესიდან გამოსვლის შემდეგ თეგაძემ მედიასთან ვრცელი კომენტარის გაკეთება არ ისურვა და აღნიშნა, რომ მის ხელთ არსებული სრული ინფორმაცია სასამართლოს უკვე მიაწოდა.
არასრულწლოვან ნ.ც.-ს ადვოკატი აცხადებს, რომ ვერცერთი მოწმე მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობას ვერ დაამტკიცებს.
"გვაქვს მოლოდინი, რომ ფაქტები რომელიც შეეხება ნიკოლოზ ცუცქირიძისა და ვახტანგ ჩიქოვანის ჯანმრთელობის დაზიანებას, სასამართლოში დადასტურდება. აქამდე არცერთ მოწმეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების რაიმე სახით შემხებლობა წარდგენილ ბრალდებასთან არ დაუდასტურებიათ. ამას ვერცერთი მოწმე ვერ დაადასტურებს," - აცხადებს არასრულწლოვან ნ.ც.-ს ადვოკატი არჩილ ბერიანიძე.
არასრულწლოვან ნ. ქ.-ს ადვოკატი კი პრეტენზიას გამოთქვამს, რომ სასამართლო სხდომები ყოველ მეორე დღეს ან ყოველდღე იმართება. მისი თქმით, ეს ადვოკატებს საქმეში დისკომფორტს უქმნით.
"არასრულწლოვანთა მართლმასაჯულების კოდექსიდან გამომდინარე, სასამართლო მხედველობაში იღებს იმას, რომ რაც შეიძლება მალე დაამთავროს პროცესი, მაგრამ ამით ჩვენ ადვოკატებს გვექმნება გარკვეული პრობლემები. შესაბამისად, ჩვენ წინააღმდეგები ვიქნებით ყოველ მეორე დღეს პროცესების დანიშვნის," - აღნიშნავს არასრულწლოვან ნ. ქ.-ს ადვოკატი დალი იმნაიშვილი.
პროკურორის განცხადებით, კი კოდექსში აღნიშნულია, რომ არასრულწლოვნების პროცესი რაც შეიძლება დაჩქარებული წესით უნდა განიხილებოდეს. მისივე განცხადებით, დღეს ანა გაბეჩავას მეგობარი სალომე ჭკადუა დაიკითხება.