05 სექტემბერი 2026,   03:37
ვრცლად
რეგიონის ჩაკეტვა არ იგეგმება, თუმცა თავშეყრის ადგილებში კონტროლი უფრო გამკაცრდება - აჭარის ჯანდაცვის მინისტრი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნინო ნიჟარაძის განცხადებით, ინფექციის წყაროები აჭარაში საკმაოდ მრავალფეროვანია. მისი თქმით, დღეს გამოვლენილი ყველა შემთხვევის ინფექციის წყარო ცნობილია, მაგრამ არის წინა დღეებში გამოვლენილი ერთეული შემთხვევები, რომლის წყარო დაუდგენელია.

მისი განცხადებით, მთავარია შემთხვევების შემდგომი გავრცელების დროული ლოკალიზაცია, რაც წარმატებით ხერხდება.

"ძალიან დაჩქარებულ ვადებში ხდება ყველა კონტაქტის მოძიება, PCR დიაგნოსტიკის ჩატარება, იზოლაცია და საკარანტინო სივრცეებში გადაყვანა. გარდა ამისა, ფართოდაა გაშლილი მიზნობრივი ტესტირების არეალი და გვაქვს ლოკაციები როგორც ბათუმის სანაპირო ზოლზე, ასევე პოლიკლინიკებში, რომლებიც იმუშავებენ უქმე დღეებშიც.

ტესტირებაზე მოთხოვნა მაღალია - განსაკუთრებით მაღალი იყო გუშინწინ, გუშინ შედარებით დაბალი, თუმცა, მაღალ ნიშნულს ინარჩუნებდა. დაახლოებით, 2000 ნიმუში შედის ყოველდღიურად ყველა ლაბორატორიაში, 2000 PCR დიაგნოსტიკა ტარდება და ამ გაფართოებული დიაგნოსტიკის შედეგად არის გამოვლენილი აღნიშნული დადებითი შემთხვევები. თუმცა, შემთხვევათა დიდი ნაწილი, რომლებიც კონტაქტებს წარმოადგენდნენ, იმყოფებოდა იზოლაციაში. ახლა ხდება ამ პირებთან კონტაქტში მყოფი სხვა პირების იდენტიფიცირება და რისკების შეფასება,"-განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ ქალაქში რაიმე განსაკუთრებული შემზღუდავი ღონისძიებების გატარება არ იგეგემება, რადგან სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. მისი თქმით, მოსახლეობა მობილიზებულია და მომართვიანობა მაღალია.

ნიჟარაძის განცხადებით, საზოგადოების თავშეყრის ადგილებში რეგულაციების დაცვის მიზნით კონტროლის ადმინისტრირება კიდევ უფრო გამკაცრდება. 

დღის ამბები