ბათუმში სამშობიარო სახლი დაკეტილია. სამედიცინო დაწესებულებაში 5 თანამშრომელს კოვიდ ინფექცია დაუდასტურდა. მათგან სამი ადმინისტრაციის წევრია, ხოლო ორი მედპერსონალი. ამ დროისთვის, სამშობიარო სახლში ეპიდკვლევა მიმდინარეობს და ყველა თანამშრომელს ტესტირება უტარდება.
იქამდე, სანამ ტესტების საბოლოო შედეგები არ გახდება ცნობილი, სამშობიარო სახლი მუშაობას წყვეტს.
"ახლა მიმდინარეობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიერ მასიური ტესტირება კოლექტივის, ყველა თანამშრომლის. ჩვენ ერთი ჩავაბარეთ პარასკევს, ზოგიერთებმა შაბათს. ახლა არის 72 საათიანი ინტერვალით განმეორებითი ტესტირება და თუ იქნება უარყოფითი პასუხი, ანუ შესაბამისად, არ იქნება კოვიდინფექცია, ჩვენ გავაგრძელებთ ფუნქციონირებას. ორი დღეა უკვე აღარ გვაქვს მიღება, არც ერთი მელოგინე და ახალშობილი არ გვიწევს," - აცხადებს სამშობიარო სახლის თანამშრომელი.
შეგახსენებთ, აჭარის რეგიონში ბოლო 24 საათში ინფიცირების 25 შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის არიან სამშობიაროს სახლის თანამშრომლები.