17 მაისი 2024,   06:44
ვრცლად
გორში ჩხუბის დროს დაშავებული 18 წლის ბიჭი საავადმყოფოში გარდაიცვალა

გორში მომხდარი ჩხუბის დროს დაშავებული 18 წლის ერეკლე თედლიაშვილი წუხელ საავადმყოფოში გარდაიცვალა. სამი თვის განმავლობაში თედლიაშვილს რამდენიმე ოპერაცია და სარეაბილიტაციო კურსი ჩაუტარდა, თუმცა ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო.

ახალგაზრდა მამაკაცი მართვით სუნთქვაზე და კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ბოლო პერიოდში ის კომიდან გამოვიდა, თუმცა კონტაქტური არ ყოფილა.

საქმეზე დაკავებული თარაშ კანდელაკის ადვოკატი ლანა ცერცვაძე "კურიერთან" საუბრისას აცხადებს, რომ ოჯახი ბრალის დამძიმებას არ ელოდება.

საგამოძიებო ორგანო თარაშ კანდელაკს ჯგუფურ ძალადობას ედავება.

"პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება, რომელიც სარეაბილიტაციო მიზნით იქნა გაწერილი შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, კავშირში არ არის მის პირველად ტრამვასთან. აქედან გამომდინარე თარაშ კანდელაკის ბრალი არ უნდა დამძიმდეს.

მწუხარებას გამოვთქვამ გარდაცვლილის ოჯახთან მიმართებაში. საქმეზე გამოძიება დასრულებულია, საქმე წარმართულია უკვე სასამართლოში, რომელზეც წინასასამართლო სხდომა ჩანიშნულია 15 სექტემბრის მდგომარეობით," - განაცხადა ლანა ცერცვაძემ "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ 8 ივნისს, გორში მდებარე რესტორან "ჟოზეფში" ახალგაზრდებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს, 18 წლის ერეკლე თედლიაშვილმა სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო. მომხდარ ფაქტზე სამართალდამცავებმა თარაშ კანდელაკი დააკავეს, რომელსაც გორის რაიონულმა სასამართლომ 12 ივნისს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

დღის ამბები