ეპიდვითარების მკვეთრი გაუარესების მიუხედავად, ხელისუფლება, ჯერჯერობით, მკაცრი შეზღუდვების შემოღებას არ აანონსებს, თუმცა მოსახლეობას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, დღეს და ხვალ, იუსტიციის სახლის უკან, სპეციალური სივრცე მოეწყობა, სადაც ნებისმიერ მსურველს კორონავირუსის ტესტის აღება შეეძლება.
"კარვებს არ ვაპირებთ, მაგრამ გვინდა, თბილისში გავზომოთ ინფექციის ცირკულირების ინტენსივობა და მოგიწოდებთ, იუსტიციის სახლის უკანა მხარეს არის მოწყობილი შესაბამისი სივრცე, დღეს, ხვალ იქნებიან ნიმუშის ამღებები და ვისაც გსურთ, შეგიძლიათ, მიბრძანდეთ, აიღოთ ნიმუში და მეორე დღეს პასუხი გექნებათ. გვაინტერესებს, დაახლოებით 1000 ადამიანზე როგორია ინფექციის გავრცელების ინტენსივობა. ეს კვლევები არის საშუალება, გეჭიროს ხელი პულსზე, რა ინტენსივობით ცირკულირებს ინფექცია“, – განაცხადა გამყრელიძემ.