19 ნოემბერი 2024,   04:47
ვრცლად
დაპირისპირება ბოლნისში - სოციალურ ქსელში გაერთიანებული ოპოზიციის შტაბში მომხდარი თავდასხმის ამსახველი ვიდეო ვრცელდება

სოციალურ ქსელში გაერთიანებული ოპოზიციის შტაბში მომხდარი თავდასხმის ვიდეო ვრცელდება,  შემთხვევა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახედურში მოხდა.

როგორც ”კურიერმა” გაარკვია, თავდასხმა გაერთიანებული ოპოზიციის შტაბზე მოხდა.  "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, დიმიტრი შაშკინის განცხადებით, ამომრჩეველზე მიზანმიმართული ზეწოლა ხდება, რადგან ამ სოფელში მმართველი პარტია ამომრჩევლებს კარგავს.

"არავინ არავის არაფერს უშავებდა, როგორც 90-იან წლებში მხედრიონი მოქმედებდა. დღისით მზისით დეპუტატი და მისი ძმა შევარდნენ და ფიზიკურად სცემეს ხალხს,"- განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

საპირისპიროს ამტკიცებს დეპუტატი გოგი მეშველიანი და აღნიშნულ ინციდენტთან ყოველგვარ კავშირს გამორიცხავს.

"აქტივისტები დაკავებულები იყვნენ სააგიტაციო პლაკატების გამოკვრით, აგიტაციით და მოხდა თავდასხმა. მიზეზი რა იყო და მოტივები რა ჰქონდათ - არ ვიცი, ალბათ აგიტაციაში ხელის შეშლა,"- განაცხადა გოგი მეშველიანმა.

"კონკრეტული ინფორმაცია, დეტალებში, არ ვიცი. მე ვიცი, რომ ჩვენს აქტივისტებს დაესხნენ თავს გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები. თავს დაესხნენ ხელკეტებით.

ამჟამად საავადმყოფოში არიან, თავი აქვთ გატეხილი, ერთს ტომოგრაფია უტარდება და მეორესაც შესაბამისი გამოკვლევა,"- განაცხადა ბოლნისის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

დღის ამბები