17 ნოემბერი 2024,   21:24
ვრცლად
თუ ვინმეს სჯერა, რომ 150 000-იანმა ყარაბაღმა 10 მილიონიან აზერბაიჯანს შეუტია, სალაპარაკო არაფერი მაქვს - სომხეთის ელჩი საქართველოში

საქართველოში სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რუბენ სადოიანის განცხადებით, გუშინწინ აზერბაიჯანმა ყარაბაღს შეუტია.

ელჩის თქმით, 150 000 მოსახლეობის მქონე ყარაბაღი აზერბაიჯანს თავს ფიზიკურად ვერ დაესხმებოდა.

"გუშინწინ აზერბაიჯანმა დაგეგმილად, დაახლოებით 6 საათისთვის შეუტია ყარაბაღს. ეს ყველაფერი თურქული მედიით გადაიცემოდა. ეს იყო დაგეგმილი დიდი ხნით ადრე. ყარაბაღის მოსახლეობა ამ დრომდე ღირსეულად უდგას წინ გამოწვევას და მტერს, რომელიც მათ შვილებს ხოცავს, მათ ქალებს და მოხუცებს, არავის ინდობენ. მშვიდობიანი მოქალაქეები საფრთხის ქვეშ არიან. თუ ვინმეს სჯერა, რომ 150 000-იანმა ყარაბაღმა 10 მილიონიან აზერბაიჯანს შეუტია, მე სალაპარაკო არაფერი მაქვს. რაში სჭირდება ყარაბაღს თავდასხმა, მოსახლეობას, რომელსაც მშვიდობა სჭირდება. ამ ყველაფერში მონაწილეობენ თურქეთის მიერ მხარდაჭერილი მოჯაჰედები, რომლებიც სირიიდან ჩამოიყვანეს," - განაცხადა რუბენ სადოიანმა.

მთიან ყარაბაღში ვითარება უკიდურესად დაძაბულია. დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს სტრატეგიულ ობიექტებზე იერიშის მიტანაში სდებენ ბრალს. სომხეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, აზერბაიჯანელი სამხედროები მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ საარტილერიო შეტევას აგრძელებენ.

პარალელურად, აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, სომეხმა სამხედროებმა ტარტარის რაიონში სტრატეგიული ხიდი დაბომბეს და პოლიციის შენობაზეც მიიტანეს იერიში. ორივე ქვეყნის წარმომადგენელი ამბობს, რომ მოწინააღმდეგე მხარე დეზინფორმაციას ავრცელებს. ამ მწვავე დაპირისპირების ფონზე სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ სომხეთი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის ერთგულია.

დღის ამბები