კონფლიქტოლოგი და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი პაატა ზაქარეიშვილი "დღის კურიერის" ეთერში განცხადა, რომ სომხეთ- აზერბაიჯანის კონფლიქტი დიდხანს არ გაგრძელდება და ორივე მხარეს მოუწევს, პირობითად, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ხელი მოაწერონ. პაატა ზაქარეიშვილი აღნიშნავს, რომ შეიარაღებული სეგმენტის დასრულების შემდეგ, რომელიმე მხარეს დარჩება უპირატესობა და მისი ვარაუდით, ეს აზერბაიჯანი იქნება.
"რეგიონი იმ საფრთხის წინაშე დგას, რომ ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება, რომელიც შესაძლებელი იყო რაღაც გარკვეული სამშვიდობო პროცესი დაწყებულიყო , გაჩერდა. ანუ მოლოდინი სამშვიდობო პროცესზე აღარ არსებობს და მხარეები გადავიდნენ ისევ კონფრონტაციულ რეჟიმში.
ეს დიდხანს აღარ გაგრძელდება, შეუძლებელია დიდხანს გაგრძელდეს, მსოფლიო ამას დიდხანს ვერ აიტანს და როგორც სომხეთი, ისე აზერბაიჯანი არ არიან იმ კატეგორიის სახელმწიფოები, რომ არ მოუსმინონ დიდ სახელმწიფოს, როგორიც არის რუსეთი, თურქეთი და ამავე დროს საერთაშორისო ორგანიზაციებს - ევროკავშირი იქნება ეს, გაერო თუ ა.შ.
ამიტომ, მათ მოუწევთ ამ პროცესის, შეიარაღებული სეგმენტის დასრულება, მაგრამ ამასობაში მოსწრებაზეა საუბარი - რამდენ ტერიტორიის, ან რა წარმატებას მიაღწევს ესა თუ ის მხარე. მე მგონი ეს 5-6 დღის საქმეა, მერე მოუწევთ მათ ხელი მოაწერონ პირობითად, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რითაც მოხდება დაშორიშორება ამ ჯარების, მაგრამ რომელიღაც მხარეს დარჩება მეტი უპირატესობა როგორც ჩანს.
შეიძლება აზერბაიჯანს დარჩეს დაახლოებით ისეთივე უპირატესობა, როცა მან 2016 წლის აპრილში რამდენიმე სოფელი და მნიშვნელოვანი სტრატეგიული სიმაღლე დაიკავა. შეიძლება აზერბაიჯანი ახლაც ამ ტიპის წარმატებაზე არის მომართული," - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.