ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, ხვალიდან გამოკითხვები გაგრძელდება.
გამოძიების ფარგლებში უკვე გამოკითხულია ათი პირი, მათ შორის, ნიკა გვარამია, ხატია დეკანოიძე, თაზო დათუნაშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი და გია ხუხაშვილი. ბოლო, ვინც საგამოძიებო უწყების შეკითხვებს უპასუხა, გიორგი ლილუაშვილია.
ყველა მათგანი აცხადებს, რომ ჯორბენაძის საქმეს არ იცნობენ და მომხდარის შესახებ მხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილის წერილიდან გაიგეს.
რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში გამოკითხეს თავად ირაკლი ღარიბაშვილი, რომლის წერილსაც უმრავლესობა ოპოზიციასთან შეთანხმებულ კონსპირაციად და მმართველი გუნდის დისკრედიტაციის მცდელობად აფასებს.
"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ღარიბაშვილმა სუიციდის დადასტურებულ ფაქტზე კონსპირაციული თეორიები ააგო, რასაც მალევე კოორდინირებულად მხარი აუბა ოპოზიციამ.
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, პროკურატურის გადაწყვეტილება, რომ ფაქტთან დაკავშირებით დაეწყო დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები დროული იყო.
"არც ერთ გამოკითხულს არ გააჩნდა არანაირი ინფორმაცია, არანაირი შემხებლობა. ანუ, ამ ადამიანებმა რაღაც კი არ იცოდნენ, არამედ ახლა საშუალება მიეცათ და ხმა ამოიღეს. ეს არის პირდაპირი მტკიცებულება, რომ ერთი განცხადება მათთვის იყო შტურმის წარმოების ნიშანი, ანუ შეთანხმებული ქმედება იყო.
როგორც კი ღარიბაშვილმა სტატუსი გამოაქვეყნა, მაშინვე მთელი "ნაციონალური მოძრაობა", მათი Facebook ლიდერები გამოვიდნენ და ზუსტად იგივე ნარატივის გავრცელება, გაგრძელება, გაღრმავება დაიწყეს.
ვფიქრობ, დროული იყო პროკურატურის გადაწყვეტილება, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით დაეწყო დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.