24 აპრილი 2024,   05:29
ვრცლად
ბოლო 24 საათის მონაცემებით, გურიაში COVID-19-ის 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლო 24 საათის მონაცემებით, გურიაში კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

დაინფიცირებულები "აჭარა ტექსტილის" თანამშრომლები და მათთან ახლო კონტაქტში მყოფი პირები არიან.

ახალი შემთხვევები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 44 სკოლაში დღეიდან სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლის მიზეზი გახდა. ძალაში რჩება დაბა ლაითურში გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვებიც.

"ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ყველა სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა, ბაღების დაწყება კი რამდენიმე დღით გადაიდო. ლანჩხუთსა და ჩოხატაურში, სასწავლო პროცესი ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს. ​დაგვიფიქსირდა 16 დადებითი შემთხვევა, მათი უმრავლესობა კი ძირითადად "აჭარა ტექსტილის" კლასტერს უკავშირდება. ასევე, ლაითურში კონტაქტებისა და დადებითი შემთხვევების მატება ფიქსირდება,"- აცხადებს გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია.

სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავიდა ორი სკოლა ზუგდიდის მუნიციპალიტეტშიც. მიზეზი კორონავირუსია, რომელიც სოფელ რუხისა და სოფელ ინგირის საჯარო სკოლებში მოსწავლეებს დაუდასტურდათ. სულ ინფიცირებულია 14 მოსწავლე. 

რაც შეეხება სოფელ დიდინეძის მოსწავლეებს - მათ ვირუსი არ დაუდგინდათ და ისინი თვითიზოლაციაში გადავლენ, სკოლა კი სწავლებას განაგრძობს. მოსწავლეების ინფიცირების წყარო დადგენილია და ის რეპეტიტორია.

"სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ინფიცირებულთა რიცხვი 52-ს შეადგენს. რაც შეეხება 27 სექტემბერს გამოვლენილ ინფიცირებულ 14 მოსწავლეს, ისინი სწავლობდნენ რაიონის სამ სხვადასხვა სკოლაში, ესენია: ინგირის პირველი სკოლა, რუხის სკოლა და დიდინეზის სკოლა. პირველი ორი მათგანი იხურება და ისინი ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადადიან,"- აღნიშნავს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია.

დღის ამბები