25 აპრილი 2024,   15:38
ვრცლად
შსს-ს თანამშრომლებს არჩევნების უსაფრთხო, თავისუფალ, სამართლიან და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად ტრენინგი უტარდებათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების უსაფრთხო, თავისუფალ, სამართლიან და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოებისა და სხვა საპოლიციო ქვედანაყოფების მოსამსახურეებისთვის ონლაინ ტრენინგი დაიწყო. ონლაინ კურსი აკადემიის ელექტრონული სწავლების პლატფორმის მეშვეობით ხორციელდება და მასში 4 000-ზე მეტი თანამშრომელი მიიღებს მონაწილეობას.

ტრენინგის მიზანია სამართალდამცველების ცოდნის გაღრმავება და ცნობიერების ამაღლება, რათა პოლიციელებმა უზრუნველყონ საარჩევნო პროცესში მათზე დაკისრებული მოვალეობების ეფექტიანად შესრულება, საფრთხეებისა და რისკების დროული გამოვლენა, მათი შეფასება, პრევენციული ღონისძიებების განხორციელება და სამართალდარღვევაზე სწორი რეაგირება.

სწავლების მონაწილეები განიხილავენ შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებას და აღნიშნული ბრძანების თანდართულ ინსტრუქციებს, რომელთა თანახმადაც, საქართველოს რეგიონებში, პოლიციის დეპარტამენტების სამოქმედო ტერიტორიებზე შეიქმნება სამართალდარღვევების პრევენციისა და მათზე რეაგირებისთვის პასუხისმგებელი ჯგუფები.

ამასთან, განსაზღვრულია პოლიციელის მიერ პოლიტიკური ნეიტრალობის პრინციპის მკაცრად დაცვის ვალდებულება. ტრენინგის მონაწილეებს ასევე მიეწოდებათ ინფორმაცია ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებულ რეკომენდაციებზე.

დღის ამბები