საერთაშორისო საზოგადოება ყარაბაღის კონფლიქტის მხარეებს დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტისა და დიალოგისკენ მოუწოდებს.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სომხეთის მოთხოვნით დააკმაყოფილა დროებითი ზომები, რომელთა მიხედვითაც აზერბაიჯანსა და სომხეთს მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებებისგან თავის შეკავების ვალდებულება დააკისრა. ინფორმაციას ამის შესახებ სტრასბურგის სასამართლოს პრესსამსახური ავრცელებს. სასამართლო ასევე მოუწოდებს ორივე ქვეყანას, მაქსიმალურად სწრაფად გაავრცელონ ინფორმაცია ვალდებულებების შესასრულებლად მიღებული ზომების შესახებ.
მთიანი ყარაბაღის საკითხზე თურქული მხარის განცხადებები სახიფათო და წინდაუხედავია, - ამის შესახებ რიგაში გამართულ პრესკონფერენციაზე საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა. ემანუელ მაკრონმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ოფიციალურმა ანკარამ დაადასტურა, რომ მხარს დაუჭერს ბაქოს როგორც მოლაპარაკებების მაგიდასთან, ასევე ბრძოლის ველზე.
"დღეს მექნება საუბარი ვლადიმერ პუტინთან, ხვალ კი, პრეზიდენტ ტრამპთან. იმედი მაქვს, რომ ამ საკითხს წამოვწევ, რათა გავცვალოთ აზრები და შექმნილი კრიზისიდან გამოსვლის გზა ვიპოვოთ," - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.
დღეს თურქულ მედიასთან საუბრისას თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი განაცხადა, რომ თურქეთი მხარს უჭერს უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ისევე როგორც აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებულ უფლებას, გაავრცელოს ლეგიტიმური ძალაუფლება მთიან ყარაბაღზე.