ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ექიმ-ეპიდემიოლოგ ეკა ქარქაშაძის შეფასებით, სასწავლო დაწესებულებები, შესაძლოა, კოვიდინფექციის გავრცელების ერთ-ერთი წყარო გახდეს.
"რისკები არსებობს სკოლებთან დაკავშირებით, რადგან საზოგადოებაში ინფექციის გავრცელების ეტაპზე ვართ სამწუხაროდ, ამიტომ, ისევე როგორც სკოლაში, უნივერსიტეტში შეიძლება იყოს ინფექციის წყარო, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მისი გავრცელება,"-განაცხადა "დღის კურიერში" ეკა ქარქაშაძემ.
ეპიდემიოლოგის თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 33 პაციენტი მკურნალობს, ხოლო სამი პაციენტის მგდომარეობა მძიმეა, მათგან ერთი კრიტიკულია. ეკა ქარქაშაძე აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში ეპიდემიოლოგები "კოვიდ-19-ით" ინფიცირების მატებას ვარაუდობენ.
"ზაფხულში ჯერ კიდევ კლასტერულ პერიოდში ვიმყოფებოდით, როდესაც შესაძლებელი იყო წყაროს დადგენა. სამწუხაროდ, სექტემბრიდან უკვე საზოგადოებაში ისეთი გავრცელება გვაქვს, რომ წყაროს ვერ ასახელებს ინფიცირებული. ფაქტობრივად, ახლა ინფექციის მატების პერიოდი გვაქვს. ჩემი პროგნოზით, მატება ჯერ კიდევ გვექნება, რთულია ციფრებზე ლაპარაკი, ეს დამოკიდებულია, რამდენად გამოვიყენებთ სიფრთხილის ზომებს და გავითვალისწინებთ რეკომენდაციებს," - განაცხადა "დღის კურიერში" ეკა ქარქაშაძემ.