25 ნოემბერი 2024,   12:42
ვრცლად
სააღმზრდელო პროცესი დღეს თბილისის 4 საბავშო ბაღში არ განახლდა

ხანგრძლივი იძულებითი პაუზის შემდეგ ქვეყნის მასშტაბით ბავშვები დღეს საბავშვო ბაღებში წასვლას შეძლებენ. თუმცა კოვიდ - 19-ის შემთხვევების დაფიქსირების გამო სააღმზრდელო პროცესი ყველა ბაღში ვერ დაიწყება.

თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს დირექტორმა ბოლო კონსულტაციები დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობასთან კვირას საღამოს გაიარა.

ბოლო მონაცემებით, თბილისის მასშტაბით 4 საბავშვო ბაღი არ გაიხსნება, ვინაიდან თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. 

რაც შეეხება იმ საბავშო ბაღებს, რომლებიც დღეს გაიხსნა, მათ რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ. კერძოდ, მშობლებს შენობაში შესვლა ეკრძალებათ, მათ კართან აღმზრდელები დახვდებიან და ისინი მიაცილებენ ბავშვებს. აღსაზრდელებს, შენობაში შესვლამდე, ასევე, ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი და დეზიფინფექცია. თუ მათ ტემპერატურა დაუფიქსირებათ,  სპეციალურად გამოყოფილ ოთახში მოთავსდებიან, შემდეგ ეს ინფორმაცია ეცნობება მშობელს და 112-ს. 

როგორც მშობლები და საბავშვო ბაღის წარმომადგენლები "კურიერთან" საუბრისას აცხადებენ, ისინი რეკომენდაციებს მაქსიმალურად დაიცავენ.

 

ავტორი: ქეთი რაზმაძე

დღის ამბები