21 ნოემბერი 2026,   21:46
ვრცლად
ევროპული იდენტობის საწინააღმდეგო პოლიტიკა და დღის წესრიგი, რომელიც მოსახლეობის საჭიროებებს ვერ პასუხობს - ევროპარლამენტარის კრიტიკა ბრიუსელს

ევროპული იდენტობის საწინააღმდეგო პოლიტიკა და გადაწყვეტილებები, რომლებიც ევროპელი მოსახლეობის საჭიროებებს არ შეესაბამება - ევროპარლამენტარი ხორვატიიდან სტივენ ნიკოლა ბარტულიცა ევროკავშირის ხელმძღვანელობას აკრიტიკებს და ევროპის პოლიტიკური რუკის ცვლილებას პროგნოზირებს. ხორვატი პოლიტიკოსის მოსაზრებით, თანამედროვე ბრიუსელის პოლიტიკა ეწინააღმდეგება ევროპული იდენტობის ქრისტიანულ საფუძვლებს.

ევროპელი დეპუტატი ევროკავშირის ლიდერების კრიტიკას იმ ფაქტორებით ასაბუთებს, რომ ბრიუსელი საკმარის ყურადღებას არ უთმობს ისტორიულ მემკვიდრეობას და ევროპული საზოგადოების კულტურულ თავისებურებებს. პოლიტიკოსის განცხადებით, ევროპულმა სახელმწიფოებმა განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიანიჭონ ოჯახური ინსტიტუტების გაძლიერებას და ტრადიციული ღირებულებების დაცვას.

ხორვატი პოლიტიკოსის მოსაზრებას იზიარებენ მმართველ გუნდში. "ქართულ ოცნებაში" განმარტავენ, რომ ევროკავშირის ღირებულებით კრიზისზე კრიტიკა უფრო ხშირად და ხმამაღლა სწორედ იმ პოლიტიკოსების მხრიდან ისმის, რომლებიც თავად წარმოადგენენ ევროპულ ინსტიტუტებს.

გაწევრიანება ხმის უფლების გარეშე და გამოსაცდელი ვადით - ევროკავშირის პოლიტიკის მოწინააღმდეგეები ბრიუსელის იმ ახალ პირობასაც აკრიტიკებენ, რომელიც შესაძლოა ახალი წევრებისთვის დაწესდეს. გაფართოების ამ წესის მიხედვით, თუ წევრი ქვეყნის ქმედებებს ევროკომისია კანონის დარღვევად შეაფასებს, კვალიფიციური უმრავლესობის გადაწყვეტილებით, მას შესაძლოა ხმის უფლება შეუჩერდეს.

ის, რაც მმართველი გუნდისთვის არასამართლიანი მიდგომა და ორმაგი სტანდარტის კიდევ ერთი გამოვლინებაა, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის თამაშის აუცილებელი წესებია მათი ოპონენტებისთვის.

ევროპული იდენტობისთვის ერთ-ერთ უმთავრეს საფრთხედ ხორვატმა ევროპარლამენტარმა მასობრივი მიგრაციაც დაასახელა. მისი თქმით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ევროპაში მილიონობით ადამიანი ჩადის, რომლებიც თავშესაფრის მიღების წესებს ბოროტად იყენებენ, სოციალური დახმარების მიღებას ცდილობენ და ადგილობრივ საზოგადოებაში ინტეგრაციას არ აპირებენ.

ევროპარლამენტის წევრმა ბრიუსელის პოლიტიკა ზაგრებში გამართული კონფერენციიდან გააკრიტიკა, თქვა, რომ ევროკავშირის ამჟამინდელი ხელისუფლება თავად უგულებელყოფს ევროპის ისტორიას.

დღის ამბები