21 ნოემბერი 2026,   21:46
ვრცლად
საპროტესტო აქციები ევროპაში - მოქალაქეები, სტუდენტები და პროფკავშირები ცხოვრების გაძვირებასა და მთავრობის საბიუჯეტო პოლიტიკას აპროტესტებენ

გაფიცვის ფონზე გამართული აქცია იტალიაში პოლიციასა და აქტივისტებს შორის შეტაკებაში გადაიზარდა. ბოლონია ერთ-ერთია იმ ქალაქებს შორის, სადაც საპროტესტო გამოსვლების დროს ვითარება დაიძაბა.

იტალიის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა. აქციებს შეუერთდნენ პროფკავშირების წარმომადგენლები, სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები. გამოსვლების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ფასების ზრდაა. დემონსტრანტებმა ხელისუფლების საბიუჯეტო პოლიტიკა გააპროტესტეს.

პროფკავშირების მონაცემებით, იტალიაში საყოველთაო გაფიცვაში მილიონ ნახევარმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. აქციები კი ქვეყნის 100-ზე მეტ ქალაქში გაიმართა. "მომავალი ახლაა". ეს იყო აქციების მთავარი სლოგანი. გენუაში სტუდენტებმა უნივერსიტეტის შენობა დაიკავეს.

24 საათით გაიფიცნენ სხვადასხვა სექტორის, მათ შორის განათლებისა და ჯანდაცვის სისტემების, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომლები.

პროტესტმა მოიცვა ბრიტანეთის დედაქალაქიც - დემონსტრანტები პარლამენტის მოედანზე გამოვიდნენ, ნაწილმა კი უნივერსიტეტის შენობა დაიკავა.

აქციები გაიმართა გერმანიის 80-ზე მეტ ქალაქშიც - მათ შორის ბერლინში, სადაც ახალგაზრდებმა განათლებასა და კლიმატის დაცვაში მეტი ინვესტიცია მოითხოვეს.

174 დღეა პროტესტია ალბანეთშიც. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა კორუფციასთან ბრძოლა, განათლებისა თუ სოციალური პირობების გაუმჯობესებაა. სტუდენტები და აქტივისტები ასევე აპროტესტებენ დაცულ სანაპირო ზონებში მსხვილ ტურისტულ პროექტებს, რომლებსაც გარემოსთვის საზიანოდ მიიჩნევენ.

საპროტესტო აქციები ევროპის ათეულობით ქვეყანაში გაიმართა. იტალიის, გერმანიის, ალბანეთის და დიდი ბრიტანეთის პარალელურად ქუჩის გამოსვლებმა მოიცვა ესპანეთში, ავსტრია და ხორვატია. ახალგაზრდები უკმაყოფილებას განათლების სისტემის, სოციალური საკითხებისა და ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ გამოხატავენ.

დღის ამბები